მაია რჩეულიშვილი, შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი/დირექტორი. სქრინი: გადაცემა "დაუპატიჟებელი სტუმარი"

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალდება წაუყენა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფის”-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და შპს “დიღომი დისთრიქთ აფართმენთ”-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია.

საქართველოს პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ბოლოს, შპს “დიღომი დისთრიქთ აფართმენთ”-ის დირექტორი, მაია რჩეულიშვილი, მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დასაუფლებლად, შეუთანხმდა ამავე საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების უფროსს – ქეთევან ჟორდანიას, რათა ეს უკანასკნელი დაკავშირებოდა შპს “დიღომი დისთრიქთ აფართმენთის” მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და იმ მოტივით, თითქოს მათი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციების შესაყვანად საჭირო იყო დამატებითი თანხების მობილიზაცია, მოეთხოვა თითოეული მათგანისთვის 1 870 ლარის გადახდა,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, მაია რჩეულიშვილის დავალების შესაბამისად, ქეთევან ჟორდანია დაუკავშირდა ობიექტის მენაშენეებს, მოსთხოვა მათ და 2014-2016 წლების განმავლობაში შეატანინა ჯამში 258 092 ლარი, საიდანაც მიზნობრიობით, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადაირიცხა მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილ თანხას – 236 177 ლარს ქეთევან ჟორდანიას დახმარებით დაეუფლა მაია რჩეულიშვილი.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემული ეტაპისთვის “ცენტრ პონტ ჯგუფი”-ს დამფუძნებლისა და დირექტორის მაია რჩეულიშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ორი სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ხუთი ეპიზოდი) სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და ასევე სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (ე.წ. აჭარის მაგნოლიის ეპიზოდი),” – აცხადებს პროკურატურა.

მიუხედავად იმისა, რომ მაია რჩეულიშვილს ბრალდების ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო 250 000 ლარის ოდენობით და მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე 2014 წლის ნოემბერში წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც პროკურატურა აცხადებს, მან კვლავ განაგრძო მოქმედება მენაშენეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დასაუფლებლად და ეპიზოდი, რის გამოც მას წარედგინა ბრალდება, ჩადენილია გირაოში ყოფნის პერიოდში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილის და ქეთევან ჟორდანიასთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მაია რჩეულიშვილი, შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი/დირექტორი. სქრინი: გადაცემა "დაუპატიჟებელი სტუმარი"

მაია რჩეულიშვილი, შპს “ცენტრ-პოინტ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი/დირექტორი. სქრინი: გადაცემა “დაუპატიჟებელი სტუმარი”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.