კობახიძის თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრხოების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაანცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო მზად არის, დაჩქარებულ ტემპებში განიხილოს საკანონმდებლო კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.

„ინფორმაცია და სტატისტიკა, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას უკავშირდება შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად ვიმსჯელოთ და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილებები მივიღოთ”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრისას.

პარლამენტს ცნობითვზე, კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს რესურსი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუმჯობესდეს:

“ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია როგორ იღუპებიან გზებზე ადამიანები, შეგვიძლია შედარებებიც მოვიყვანოთ სხვა ქვეყნებთან და ამ მხრივაც საქართველოში მძიმე სურათია. არის რესურსი, რომ ამ მიმართულებით თვისობრივად გაუმჯობესდეს და რადიკალურად შევცვალოთ მდგომარეობა, ამისთვის ჩვენ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. საჭიროა დროული მოქმედება, რომ აღმოიფხვრას პრობლემა, ამისთვის კი სრული მობილიზება გვჭირდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტში 2016 წლის აპრილში შევიდა. მერვე მოწვევის პარლამენტმა მისი მხოლოდ I მოსმენით განხილვა მოასწრო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი