ახალი ამბები

რატომ გაჩნდა GPB-ის საიტზე გამოკითხვა – უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?

9 თებერვალი, 2017 • 3470
რატომ გაჩნდა GPB-ის საიტზე გამოკითხვა – უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გამოკითხვა, შეკითხვით: თქვენი აზრით, უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?

როგორც მაუწყებელში განგვიცხადეს, გამოკითხვის ინიციატორი მარკეტინგის ჯგუფია. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენელმა ნათია ხოშტარიამ გვითხრა, რომ გამოკითხვა არ არის არხის ახალი მენეჯმენტის მიერ ნაკარნახევი: “უბრალოდ, ჩვენ გვინდა, რომ დაფიქსირდეს ადამიანების მოსაზრება, უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რამდენს უნდა, რამდენს არა. ნუ მიაბამთ გენერალურ დირექტორს ამ ამბავს. ნუ ეძებთ ცუდ ქვეტექსტებს”, – გვითხრა ხოშტარიამ.

შეკითხვაზე – ხომ არ უკავშირდება ეს გამოკითხვა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრს მიაჩნია, რომ საკითხი სწორედ ამგვარად დგას – გაუქმდება თუ არა საზმაუწყებელი? – ხოშტარიამ გვიპასუხა, რომ დარმწუნებული არიან, საზოგადოების დიდ ნაწილს უნდა, რომ დარჩეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. შეკითხვაზე – ეს გამოკითხვა სჭირდებათ იმისთვის, რომ დაფიქსირდეს საზოგადოების მხარდაჭერა მაუწყებლის მიმართ? – ხოშტარიამ გვიპასუხა: “თუნდაც”.

ამ დროისთვის (15:45 საათი) გამოკითხულთა 92% ამბობს, რომ დიახ, უნდა არსებობდეს საზმაუ, ხოლო 4% წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ არხის ახალი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი აპირებს, ერთი წლის მანძილზე შეაჩეროს ყველა გადაცემა არხზე, მოამბის გარდა, რაც ამ გადაცემების დახურვას ნიშნავს. სანაცვლოდ, ახალი მენეჯმენტი პირობას დებს, რომ გამოთავისუფლებული 45 მილიონი ლარით მაუწყებელს ექნება ახალი შენობა, 9 რეგიონული ოფისი და ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი