ახალი ამბები

ეკა ბესელია: არ ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების მოხმარების თემაზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ

9 თებერვალი, 2017 • 3778
ეკა ბესელია: არ ვფიქრობ, რომ ნარკოტიკების მოხმარების  თემაზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ

პოლიტიკურ პარტია “გირჩს” სურს, საქართველოში რეფერენდუმი გაიმართოს და მოსახლეობამ უპასუხოს კითხვას, უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკების მოხმარება, რასაც არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ ფიქრობს, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, პარლამენტი ისედაც ემზადება, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს:

“არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩავატაროთ, მაგრამ თუ სხვა საკითხებზე დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესი დასასრულს უახლოვდება, მალე მოხდება, ამ პროექტზე მალე შევთანხმდებით და საჯარო განხილვა დაიწყება.”

დეპუტატის განმარტებით, პაკეტი მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას გულისხმობს, თუმცა არსებული რეალობაში მოხმარებისთვის ციხეში არავის სვამენ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ სასჯელის ეს ფორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

“საუბარია იმაზე, რომ მარიხუანის და მასთან დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებისთვის სიხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ იყოს. უმრავლესობის შიგნით არ არის მოსაზრება, რომ მარიხუანის ლეგალიზებას დავუჭიროთ მხარი. ამ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის პრინციპი პროექტში დევს, ამაზე თითქმის არის თანხმობა, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის. მათ შორის, ეს ეხება სასჯელების ნაწილს სხვა ნარკოტიკებზე.”

ეკა ბესელიას ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” ჯერ არ არის შეთანხმება, რომ სხვა ნარკოტიკების მოხმარებისთვისაც გაუქმდეს  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც  იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  რამდენად შესაძლებელია რეფერენდუმის ჩატარება, სანამ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია?

“ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, ცალკეულ საკითხებზე მოსახლეობის მოსაზრების გაგების მიზნით, მაინც შესაძლებლად მიმაჩნია, თუმცა ეს არ იქნება მთელი მოსახლეობის გამომხატველი აზრი. ამ დათქმით შესაძლებელია ჩატარდეს. კონსტიტუციაში არ გვაქვს დათქმა, რომ სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია, რეფერენდუმი არ ჩატარდეს,” – აღნიშანვს ბესელია.

8 თებერვალს “გირჩის” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტიას სურს, 2017 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რეფერენდუმი გაიმართოს.

“ჩვენი ახალი ინიციატივაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ოქტომბერში ჩავატაროთ რეფერენდუმი და მოსახლეობას გასცეს პასუხი კითხვას, უნდა ისჯებოდეს თუ არა ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა დავარეგისტრიროთ რეფერენდუმის კითხვა. საკითხის დარეგისტრირების შემდეგ შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას. მოსახლეობას გადაწყვიტოს, უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი ნარკოტიკის მოხმარებისას. ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი