ახალი ამბები

ჭოროხზე ჰესის მშენებლობა არ შეჩერებულა

30 ოქტომბერი, 2012 • 2499
ჭოროხზე ჰესის მშენებლობა არ შეჩერებულა

 

ვოლქამ ბირინჯი
ვოლქამ ბირინჯი

ახალი მთავრობა საქართველოში მიმდინარე ჰიდროპროექტების გადახედვას აპირებს, არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერი დეტალური განხილვის შემდეგ არც პროექტების შეჩერებას გამორიცხავს. რას იტყვით ამის შესახებ?

ჩვენ მოვამზადეთ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ განიხილა და დაამტკიცა. რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების უფლება მოგვცეს. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ კიდევ ერთხელ გადახედოს ყველაფერს, ჩვენ მზად ვართ გადავცეთ მას ყველანაირი დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ხელმეორედ შეისწავლონ ის.

ჩვენ ვართ გამოცდილი კომპანია და ეს არ არის პირველი ჰიდროპროექტი, რომლის განხორციელებაც ჩვენ დავიწყეთ. ჩვენ მხოლოდ საქართველოში ვმუშაობთ პირველად.

ქართველი გარემოსდამცველები აკრიტიკებენ თქვენს პროექტებს და აცხადებენ, რომ ჰესების ამოქმედების შემდეგ აჭარაში ნალექიანობა და ეროზიული მოვლენები მოიმატებს…

ეს არის ისეთი დონის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ნაკლებად შეცვლის კლიმატს, ის არც მეწყრულ მოვლენებს გამოიწვევს. ჩვენ მიერ აშენებული სადგურები არ იქნება იმ სიმაღლის, რომ მან რაიმე საშიშროება შექმნას. ჩვენ გამოცდილები ვართ როგორც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, ასევე ქარის სადგურების მშენებლობაში. ვმუშაობთ მზის ენერგიაზეც. მეწყერსაშიშ ადგილებთან დაკავშირებით წინასწარ ვიღებთ ზომებს, თუმცა ამ შემთხვევაში რაც შეეხება `აჭარენერჯის~ პროექტს მდინარე ჭოროხზე, მასთან დაკავშირებით ასეთი საშიშროება არ არსებობს.

 

ანუ თქვენს მიერ ხელოვნურად შექმნილი რეზერვუარების აორთქლების ზედაპირი ნალექიანობის მომატებას არ გამოიწვევს?  

მე ვარ დოქტორი ჰიდროლოგიის საკითხებში და ასეთი რაღაც რომ მესმის, მგონია, რომ ხუმრობენ. დაახლოებით 20 მილიონი მეტრ/კუბი მაინც უნდა იყოს წყლის დაგუბება, რომ დიდი ნესტიანობა და ამინდის შეცვლა გამოიწვიოს. ჩვენი რეზერვუარის სარკე არის ძალიან პატარა იმისთვის, რომ ასეთი დიდი ცვლილებების შექმნა შეძლოს. ჩვენ შეგვეძლო გამდინარე წყალზე გვემუშავებინა ამ მასშტაბის სადგურები და არ ყოფილიყო შეგუბება, მაგრამ დემირელის კაშხალი პერიოდულად კეტავს მდინარის წყალს. ამის გამო ავზები უნდა გამოვიყენოთ. 

მთლიანობაში  აჭარაში 10 ჰესის მშენებლობა იგეგმება, თქვენ როგორც ჰიდროლოგმა, შეგიძლიათ სრული პასუხისმგებლობით განაცხადოთ, რომ ათი ჰესის რეზერვუარი ერთად აღებული აჭარაში კლიმატს არ შეცვლის? 

ამის შესახებ ვერ ვილაპარაკებ, სხვის პროექტებზე მე რომ რაიმე ვთქვა, არ ვიქნები მართალი.

მოსახლეობასთან შეთანხმებისას თქვენ შეგექმნათ გარკვეული პრობლემები, ქართული კანონმდებლობა მშენებლობის დაწყებამდე მათთან მოლაპარაკებას გავალდებულებდათ. გარდა ამისა, თქვენ მათ სარგებლობაში არსებული ნაკვეთები ისე გადაიფორმეთ, რომ მათთან მოლაპარაკება არ გიწარმოებიათ

იმ ნაკვეთების მფლობელების შესახებ, რომლებსაც ჩვენი პროექტი შეეხებოდა, ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა. ჩამონათვალში ბევრი ნაკვეთი ჩანდა როგორც სახელმწიფოს საკუთრება, ამ ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენ ბუნებრივია მოსახლეობასთან არ გვიწარმოებია მოლაპარაკება. იმიტომ, რომ იქ არ ჩანდნენ კონკრეტული მესაკუთრეები და ჩვენ შევიტანეთ განაცხადი სახელმწიფო ნაკვეთის პრივატიზების მიზნით. ამ კითხვებით სამინისტროს უნდა მიმართოთ.

 

გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე მესაკუთრესთან ამ დრომდე ვერ მიაღწიეთ შეთანხმებას…

შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც მთავრდება, ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ შევისყიდოთ ეს მიწები. რა თქმა უნდა, არის დადებითი პასუხებიც და ნელ-ნელა მივიწევთ წინ.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ 20 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც თქვენ  მათ შესთავაზეთ, დაბალი ფასია. იმასაც ამბობენ, რომ გადახდის ეს ზღვარი ქართულ მხარესთან გაქვთ შეთანხმებული.

თუკი არსებობს სახელმწიფო, რომელიც უფასოდ ართმევს გლეხებს მიწებს, ძალიან მოკლე ვადაში დაიშლება ასეთი სახელმწიფო. მეტს ვერაფერს გეტყვით.

თქვენ ჩამომითვალეთ რამდენიმე ევროპული ორგანიზაცია, რომლებთანაც თანამშრომლობთ. ევროპული კანონმდებლობა ცნობს ტრადიციულ საკუთრებას, რასაც სამწუხაროდ არ ცნობს ქართული კანონმდებლობა, რის გამოც თქვენ არ აიღეთ ვალდებულება, მოლაპარაკებოდით მათ იმ ნაკვეთების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლებსაც  ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ…

თუ ქართული კანონმდებლობა არ ცნობს ტრადიციულ საკუთრებას, მე რა გავაკეთო ამ შემთხვევაში? _  ჩვენ ვართ ქართული კომპანია და  არანაირად არ ვართ იმის მომხრე, რომ რაღაც არაკანონიერად გაკეთდეს, ყველაფერს კანონის მიხედვით ვაკეთებთ.  როგორც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს კანონიერად, ასევე უნდა გაკეთდეს ქართული მხარის მხრიდანაც ყველაფერი კანონიერად. მაგრამ რუკაში, რომელიც მოგვაწოდეს, თუ არ ჩანს ის, რაც არის სინამდვილე, მისი შეცვლა ან გასწორება „აჭარენერჯის“ ფუნქცია ნამდვილად არ არის.

 

რამდენად მოგყიდათ ქართულმა მხარემ ეს ნაკვეთები?

თუ სახელმწიფოსგან წამოვა იმის თხოვნა, რომ ეს უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი მხრიდან, ეს ინფორმაცია არანაირად არ არის  დახურული. ეს არის რეესტრშიც და ყველამ იცის ამის შესახებ. ეს არის კერძო კომპანია და იმის გამო, რომ აქ მუშაობენ კიდევ სხვა კომპანიები, არ შეიძლება ჩვენი გარიგებები იყოს საჯარო. ანუ ჩვენი კონკურენტი კომპანიების  სტრატეგიულობის ამბავი. ინფორმაცია თუ საჯარო უნდა იყოს, უნდა მიიღოთ რეესტრიდან, მაგრამ თუ მაინც ვერ მიიღებთ, ამაზე პასუხი  აჭარენერჯისგან მაინც არ უნდა მოითხოვოთ.

 

ქართული მხარისგან იყო ამ ინფორმაციის გასაიდუმლოების მოთხოვნა?

არა, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა.

ჰესის მშენებლობა ჭოროხზე. ცაგო კახაბერიძის ფოტო.
ჰესის მშენებლობა ჭოროხზე. ცაგო კახაბერიძის ფოტო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი