ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუბარი 45-ლარიანი შემწეობის მოხსნის საკითხზე: თანხა უნდა გადანაწილდეს გაჭირვებულებზე

1 თებერვალი, 2017 • 3557
სუბარი 45-ლარიანი შემწეობის მოხსნის საკითხზე: თანხა უნდა გადანაწილდეს გაჭირვებულებზე

“რეფორმას ნამდვილად ვაპირებთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი შემწეობის გაუქმების საკითხზე ტელეკომპანია “რიონის” ეთერში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეფორმის კონკრეტული მოდელი გადაწყვეტილი არ არის.

“ამ წუთში დევნილთა მიმართულებით სხვადასხვა უწყების ბიუჯეტიდან დაახლოებით 250 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხის დიდი ნაწილი იხარჯება არაეფექტურად. მაგალითად, 70 მილიონი მიდის ბინათმშენებლობებზე, რაღაც ნაწილი სოციალურად გაჭირვებულ დევნილებს ხმარდება [ეს არის ეფექტური ხარჯვის მაგალითი], ნაწილი ხმარდება ლეგიტიმური ორგანოების შენარჩუნებას, ესეც არის ეფექტური ნაწილი. მაგრამ ნაწილი არის ის, რომელიც ხმარდება იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სჭირდებათ დახმარება”.

აქვე მინისტრი ისეთ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც დევნილები არ უნდა სარგებლობდნენ მსგავსი შემწეობით:

“2014 წელს, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი კვლევა ჩაატარა, იყვნენ ოჯახები, რომელთაც წელიწადში 3 მილიონი ლარი ჰქონდათ შემოსავალი. ამ ოჯახის თითოეული წევრი იღებდა 45 ლარს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ფულის ეფექტური ხარჯვა. მილიონერი ბევრი არ არის, მაგრამ ბევრია, ვისაც სახლიც აქვს, კარიც, შემოსავალიც. რეფორმა ითვალისწინებს შემდეგს, რომ ეს შემოსავალი უნდა გადანაწილდეს გაჭირვებულებზე. 250 მილიონი ლარი დარჩება ხელუხლებელი, მხოლოდ მოხმარდება გაჭირვებულ დევნილებს. ვინც არის სოციალურად დაუცველი და სახელმწიფოსგან ბინა ჯერ არ მიუღია, ის მიიღებს არა 45 ლარს, არამედ 90 ლარს. ვინც არის სოციალურად დაუცველი, თუმცა სახელმწიფოსგან ბინა აქვს მიღებული, იმას შეუნარჩნდება 45 ლარი, ან მიიღებს სოციალურ დახმარებას, ისევე როგორც სხვა არადევნილი იღებს, ეს მისი არჩევანია. თანხები დაიზოგება რეფორმით. ჩვენ მოგვცემს ეს შანსს, რომ დაახლოებით გავაორმაგოთ ბინათმშენებლობაც. ეს იქნება 4000 ბინა წელიწადში”, – აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი