ახალი ამბები

პროკურატურა სიძულვილით მოტვირებული დანაშაულის საკითხზე პროკურორებს გადაამზადებს

1 თებერვალი, 2017 • 1799
პროკურატურა სიძულვილით მოტვირებული დანაშაულის საკითხზე პროკურორებს გადაამზადებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საკითხებზე რაიონულ რგოლებში პროკურორები გადაამზადოს. ამჟამად, მათვე ცნობით, საქართველოში ამ კატეგორიის დანაშაულზე სპეციალიზებული პროკურორები არ არიან გამოყოფილი.

ამის შესახებ საუბარია პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიაში, რომელიც დღეს, 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

“შემუშავდება რეკომენდაცია, რომელშიც მოცემული იქნება დისკრიმინაციული მოტივების დეტალური განმარტება, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხები, იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩატარდეს მითითებული მოტივების გამოვლენის მიზნით,”- წერია პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო არსებული მდგომარეობის გაანალიზების მიზნით თემატურ ანგარიშს მოამზადებს.

მთავარი პროკურორის 2016 წლის ანგარიშში საუბარია, რომ 2016 წლის ივნისიდან სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა დადასტურდა 8 სისხლის სამართლის საქმეზე (4 შემთხვევაში – სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 1 შემთხვევაში – გენდერული იდენტობის ნიშნით, 3 შემთხვევაში – რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი