პარლამენტში ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარული მიყურადების ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში არ უნდა გადავიდეს.

პარლამეტში მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის  და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ დახურულ სხდომაზე მსჯელობენ.   სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაარიგა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში გადადის.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის აზრით, უნდა შეიქმნას პარლამენტთან ანგარიშვალდებული ორგანო, რომლის ხელშიც იქნება ფარულ მოსმენაზე წვდომის მექანიზმები:

“დღეს, სამ საათზე, გადმოგვეგზავნეს კანონპროექტი. ეს მოდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადწყვეტილების შეუსრულებლობაა. თუ ამ სისტემას მიიღებენ, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა სრულიად უგულებელყო საკოსნტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვემხრობით დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, რომელიც მოახდენს ფარულ მიყურადებას .”

ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

იმავე აზრზეა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC]” იურისტი, გურო იმნაძე. მისი თქმით, გასაღები უსაფრთხოების სამსახურში არ უნდა იყოს:

“დიდი ალბათობით, პარლამენტი უსაფრთხოების სამსახურში დატოვებს გასაღებს. დღევანდელ შეხვედრაზე ვეცდებით, პარლამენტარები და ხელისუფლების წარმომადგენლები დავარწმუნოთ, რომ აუცილებელი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეალური აღსრულება. ჩვენი ხედვაა, რომ გასაღები უნდა იყოს პარლამენტს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს დაქვემდებარებაში. სხვა ვარიანტებიც შეიძლება. ”

ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ პროექტი დღეს მიიღეს და დეტალურარ არ გაუანალიზებიათ:

“ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ამ პროექტს, გავაანალიზებთ მას ერთი მთავარი პერსპექტივიდან –  ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ამოსავალი დებულება ის არის, რომ გაიზარდოს უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევისწავლით, რაც წარმოადგინა კომიტეტმა და ჩვენს მოსაზრებას გავასაჯაროებთ.”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ეფექტურს კონტროლს:

“ამ პროექტით შემოდის საპარლამენტო კონტროლი, ძლიერდება სასამართლო კონტროლი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მაკონტროლებლებს შორის როგორ გადანაწილდება ფუნქციები. ჩვენ ცალსახა პოზიცია არასოდეს დაგვიფიქსირებია, თუ ვის უდნა ჰქონდეს მთავარი წვდომის უფლება, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიჰყვება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო უწყებას, რომელსაც გამოძიების ინტერესი აქვს, მასში ყველა ფუნქციის თავმოყრა, მათ შორის წვდომის განხორციელების უფლება, სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული.”

ფარული მიყუ

20 იანვარს გამართულ შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას:

“ეს არ იქნება წინააღდეგობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების ხელში. სასამართლო ამბობს დამოუკიდელობის მაღალ გარანტიებზე და ის, რომ გამოძიების ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. გამოძების ფუნქცია, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური სერვისის განმახორციელბელი ორგანო, რომელსაც გააკონტროლებს რამდენიმე დონე. ჯერ მხოლოდ მოსაზრებებს ვაჯერებთ ერთმანეთთან, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვართ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა, შესაბამისად, პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დრო აქვს დარჩენილი კანონმდებლობის შესაცვლელად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.