ახალი ამბები

ხელისუფლება აპირებს, მოსმენების “გასაღები” სუს-ში შექმნილ სსიპ-ში გადაიტანოს

20 იანვარი, 2017 • 3684
ხელისუფლება აპირებს, მოსმენების “გასაღები” სუს-ში შექმნილ სსიპ-ში გადაიტანოს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აპირებენ, მოსმენების “გასაღები” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შექმნილ სსიპ-ში გადაიტანოს.

დღეს, 20 იანვარს, პარლამეტში მთავრობის, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოსმენების კანონში შესატან ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში დახურულ სხდომაზე მსჯელობდნენ. პარლამენტმა არასამთავრობოებს კანონპროექტი სწორედ ამ შეხვედრაზე გააცნო.

პარლამენტი ვალდებულია შეცვალოს კანონი მას შემდეგ, რაც 2016 წლის აპრილში საკონსიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს ერთწლიანი ვადა მისცა.

ეკა ბესელიას თქმით, 30 იანვრისთვის უკვე ექნებათ კანონპროექტთა კონკრეტული პაკეტი, ახლა კი ჯერ ისევ მსჯელობის ეტაპია.

“დაახლოებით 6 დონის კონტროლი შემოდის ჩვენი ხედვით, არა პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ, იმიტომ, რომ ასეთი მოდელი არ აქვს არც ერთ ქვეყანას, უფრო ვიაროთ იმ კონსენსუსის გზით, რომ ეს იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ და იყოს, შესაძლებელია, სსიპ-ის ფორმით, რაც არის უფრო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე უპირველესი პასუხისმგებლობა, მაღალი დონის კონტროლის მექანიზმით. მათ შორის, აქ რჩება სასამართლო, რჩება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პარლამენტი, ცალკე ბიუჯეტით, მაქსიმალური გარანტიებით. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო სხვა მოდელზე იყოს საუბარი, თუმცა შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ დამატებითი კონსულტაციები უწყებებთან,”- განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ეს მოდელი სრულად შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“ეს არ იქნება წინააღდეგობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს ხელისუფლების ხელში. სასამართლო ამბობს დამოუკიდელობის მაღალ გარანტიებზე და ის, რომ გამოძიების ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. გამოძების ფუნქცია, რა თქმა უნდა, არ უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს მხოლოდ ტექნიკური სერვისის განმახორციელბელი ორგანო, რომელსაც გააკონტროლებს რამდენიმე დონე. ჯერ მხოლოდ მოსაზრებებს ვაჯერებთ ერთმანეთთან, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არ მივსულვართ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღეს საქართველოში მოქმედებს ორეტაპიანი სისტემა, რომლის თანახმადაც, მოსმენების “გასაღები” არის სუს-ში, ხოლო “საკონტროლო გასაღები” აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა, შესაბამისად, პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დრო აქვს დარჩენილი კანონმდებლობის შესაცვლელად.

მასალების გადაბეჭდვის წესი