ახალი ამბები

წილკნის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

24 იანვარი, 2017 • 4056
წილკნის არქიტექტურულ კომპლექსს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კომპლექსს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

წილკნის ღვთისმშობლის არქიტექტურულ კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2016 წლის ბოლოს მიანიჭა.

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში მდებარეობს. ის მოიცავს ტაძარსა და გალავანს. ტაძარი აერთიანებს სამ სამშენებლო პერიოდს და სხვადასხვა ტიპის ნაგებობას: IV საუკუნის დარბაზულ ეკლესიას, V-VI სს. – ბაზილიკას, XI-XIIსს. – გუმბათოვან ტაძარს, ხოლო, ტაძრის გალავანი XVIII საუკუნისაა.

სამინისტროს ცნობით, კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც  ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს. ამასთან, გადმოსცემს არა მხოლოდ ქართული არქიტექტურის განვითარების საფეხურებს, არამედ ქრისტიანობის გავრცელების ისტორიასაც.

“კომპლექსის მშენებლობის ეტაპები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპების თანმდევია. შესაბამისად, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია”, – აცხადებს კულტურის სამინისტრო.

კულტურის სამინისტროს მიაჩნია, რომ აქ მოღვაწეობდა და ტაძარშივეა დაკრძალული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი- ისე წილკნელი. გარდა ამისა, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი საეტაპო ნიმუშია. გარდა არქიტექტურული და ხელოვნებათმცოდნეობითი ღირებულებებისა, წილკანი მნიშნელოვანია თავისი ისტორიითაც. ის იყო საეპისკოპოსო ცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა ქრისტიანობის შემოსვლა ქართლის მთიანეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი