ახალი ამბები

დეპუტატი ნოზაძე: უზბეკეთში თემურ ლენგის მიერ 1386 წელს წაღებული ბიბლიოთეკის კვალს ვეძებდი

23 იანვარი, 2017 • 5235
დეპუტატი ნოზაძე: უზბეკეთში თემურ ლენგის მიერ 1386 წელს წაღებული ბიბლიოთეკის კვალს ვეძებდი

“მრეწველების” ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი სიმონ ნოზაძე უზბეკეთში ვიზიტისას თემურ ლენგის მიერ 1386 გატანილი ბიბლიოთეკის კვალს ეძებდა. ამის შესახებ მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო დეპუტატის ანგარიში უზბეკეთსა და ყაზახეთში ვიზიტის შესახებ. ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ უზბეკეთში ვიზიტის მიზანი მისი კერძო საქმიანობა იყო:

“ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო კერძო- 1386 წელს თემურ ლენგის მიერ   გატანილი ბიბლიოთეკის კვალის მიგნება. ბაგრატ მეხუთის ბიბლიოთეკაა გატანილი. მე ერთ წელზე მეტია ამ საკითხებზე ინტენსიურად ვმუშაობ. მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენს მეცნიერებს დაუშვებენ სამუშაოდ და მათი მეცნიერებიც ჩამოვლენ ჩვენს არქივებში სამუშაოდ.”

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარისგან აიღო ნებართვა, რომ უზბეკეთის პარლამენტის წევრებს შეხვედროდა:

“თავმჯდომარისგან ავიღე ნებართვა, რომ რაკიღა მივდივარ და ვარ საქართველოს პარლამენტის უზბეკეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, თუ იქ ჩვენს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი იქნებოდა, შეხვედრა ჩამეტარებინა. ეს ყველაფერი ქალბატონ თამარ ყოლბაიას ხელშეწყობით მოხდა. მე ვთხოვე, რომ არ მიეცა ამისთვის ოფიციალური ხასიათი, მაგრამ უზბეკეთის პარლამენტის წევრების სიხარული იმდენად დიდი იყო საქართველოს პარლამენტის წევრის ჩასვლის გამო, მე ოფიციალური შეხვედრა მომიწყვეს და სენატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიმიღო. ამ ანგარიშში ჩემი წინადადებები, ჩემი რეკომენდაციები დავწერე. ანგარიში საელჩომ გააკეთა. ორი შეხვედრა ჩავატარე იქ. ძალიან დაინტერესებულები არიან ჩვენთან ძველი, მეგობრული ურთიერთობის აღდგენით, ფოთის პორტის გამოყენებით. განსაკუთრებით, ჩვენი გამოცდილების გაზიარებით კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, მმართველობასთან დაკავშირებით. ”

ფრაგმენტი სიმონ ნოზაძის ანგარიშიდან

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიმონ ნოზაძე “მრეწველების”ერთადერთი წევრია.  მის ფრაქციას ხუთი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” დაემატა. ეს დეპუტატები არიან თენგიზ ხუბულური, თემურ კოხრეიძე, ლევან ბეჟანიძე, ელგუჯა გოცირიძე, შოთა შალელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი