ახალი ამბები

პირველი ლედის ძმის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

15 იანვარი, 2017 • 2029
პირველი ლედის ძმის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

საქართველოს პირველი ლედის ძმის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში მიხეილ მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მგალობლიშვილის ადვოკატმა, ზაზა მიქატაძემ დაუდასტურა.

მიქატაძის თქმით, დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნასაც დაასაჩივრებს, რომლის მიხედვითად, პირველი ლედის ძმის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისად იქნა მიჩნეული:

“ამჟამად ამოღებულია პისტოლეტები, რომელიც გადაგზავნილია შსს-ის ექსპერტიზის ბიუროში და აქედან ორ ცეცხლსასრლ იარაღზე მოვიდა დასკვნა, რომ ეს არის ვარგისი, რასაც ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და არ ვეთანხმებით შსს-ის საექსპერტო ბიუროს დასკვნას და აღნიშნული დასკვნა გასაჩივრებული იქნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში” – ამბობს ადვოკატი “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერივუში.
მისივე განცხადებით, მგალობლიშვილმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მამის გარდაცვალების შემდეგ სახლის დალაგებისას აღმოაჩინა და გამომდინარე იქიდან, რომ მგალობლიშვილი მხატვარია, მათ გამოყენებას ესკიზების დასახატად აპირებდა. ადვოკატის თქმით, მგალობლიშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ ამ იარაღებიდან შესაძლებელი იყო, გასროლა მომხდარიყო და მათ “რკინის ნაჭრებს” უწოდებს.
რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც მიხეილ მგალობლიშვილს პირადი ჩხრეკისას უპოვეს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რომ მის ქურთუკში იარაღი იყო, თუმცა ბრალდებული ადასტურებს, რომ შსს-ის მიერ ამოღებული იარაღები მისია:
“ის ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ იარაღიდან შეიძლებოდა გასროლა მომხდარყო. ის იმყოფებოდა სახლში და მას სჭირდებოდა ტელეფონზე ჩარიცხვა. მისი სახლის წინ ჯიხურში გადავიდა და ამ დროს მოიცვა ქურთუკი, რაშიც აღმოჩნდა [იარაღი]. თვითონ არც იცოდა, რომ იარაღი იყო [ქურთუკში]” – ამბობს მიქატაძე.

მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი