ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გარემოს დაცვის ინტერესი ბიზნესის ინტერესზე უპირატესი უნდა იყოს

19 დეკემბერი, 2016 • 3815
მამუკა მდინარაძე: გარემოს დაცვის ინტერესი ბიზნესის ინტერესზე უპირატესი უნდა იყოს

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის ინტერესი ბიზნესის ინტერესზე უპირატესი უნდა იყოს. ეს განცხადება მან “M²”-ის საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, კომპანია  პარლამენტს ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებას სთხოვს.

“ეს არის ერთ-ერთი სენსიტიური საკითხი, სადაც ოქროს შუალედია მოსაძებნი. ერთი მხრივ, აუცილებლად, ძალიან ხისტად უნდა გავითვალისიწინოთ გარემოს დაცვის ინტერესები და, მეორე მხრივ, ბიზნესს ხელი არ უნდა შეეშალოს თავისი საქმიანობის განხორციელებაში, თუ მათ ლეგიტიმური მოთხოვნები აქვთ. თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ გარემოს დაცვის ინტერესები უნდა იყოს უპირატესი,” – აღნიშნავს მდინარაძე.

“M² უძრავი ქონება” პარლამენტს ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებას სთხოვს.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს უწევს დაავადებული ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციალიტეტისათვის მიმართვის გზით და ამასთან, საკომპენსაციოდ სოლიდური თანხის გადახდა, რაც M ²-ის განცხადებით, ბიზნესსექტორის მდგომარეობას ართულებს.

კომპანიას მიაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს:

“რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საშიშროებას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და მათი დროული გაუვნებელყოფა უმთავრესად ქალაქის ინტერესში შედის.”

ამავე განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, საჭიროების შემთხვევაში, ჯანსაღი ხეების მოჭრის მიმართ:

“მოგეხსენებათ, თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, ბიზნესი მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისათვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელებაში და შეუძლებელი იქნება ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი