2016 წლის არჩევნების შემაჯამებელი მედიამონიტორინგი: შენიშვნები და რეკომენდაციები

პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტში, სიძულვილის ენის შემთხვევები არჩევნების გაშუქებისას – ასეთია ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით განხორციელებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის მთავარი მიგნებები.

მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშების პრეზენტაციები და განხილვა 16 დეკემბერს შედგა. ანგარიშებში ხაზგასმულია როგორც საქართველოს მედიის მიღწევები უკანასკნელი წლების მანძილზე, ასევე გამოწვევები პროფესიული, ხარისხიანი და ეთიკური მედიის განვითარების გზაზე.

“მედიის თავისუფლება და პლურალიზმი ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ფუნდამენტური ღირებულებებია. მოხარული ვარ, რომ არჩევნების გაშუქებისას გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციები – მეტი დაბალანსებულობა და მრავალფეროვნება. ამ დადებით დინამიკას წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში,” – ამბობს იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

საარჩევნო მედიამონიტორინგი 2016 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა. მედიამონიტორინგმა მოიცვა ორმოცზე მეტი მედიასაშუალება: ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. მედიამონიტორინგში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ინტერნიუს – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელთაც პროფესიულ დახმარებას უწევდა სლოვაკური ორგანიზაცია “მემო’98”.

“მედიამონიტორინგის შედეგები ეყრდნობა ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესრულებულ უდიდეს სამუშაოს, 300 ათასამდე შემთხვევის დოკუმენტირებასა და ანალიზს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი საქართველოს საარჩევნო ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შედეგებითაც თანაბრად სარგებლობს როგორც მედია, ასევე მთლიანად საზოგადოება,” – განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა.

ნილს სკოტი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნილს სკოტი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციები მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობდნენ, რომელიც შედგება კვლევის ორი ძირითადი ნაწილისგან – რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზისგან. რაოდენობრივ კომპონენტში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი რო/ფართობი, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება, ჟურნალისტის/სტატიის ენა და სხვა.

მთავარი საინფორმაციო გამოშვებები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 11 სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი დაიწყო 2016 წლის 20 მაისს და დასრულდა 2 ნოემბერს, ხოლო დაკვირვება ხდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგისთვის შერჩეული 11 სატელევიზიო არხიდან 9-ზე ეთერის ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას დაეთმო. ქარტიის მონიტორების თქმით, პოლიტიკური პარტიების გაშუქების სიხშირით 10 არხზე „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობდა, მომდევნო იყო ,,ქართული ოცნება“. მათი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენდა ტელეკომპანია „ობიექტივი“, სადაც პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო ბლოკს “პატრიოტთა ალიანსი“ დაეთმო.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად “GDS”-ზე გაშუქდა, დათმობილი დროის 7%-ით, ხოლო ყველაზე უარყოფითად- „რუსთავის 2“-ზე, დათმობილი დროის 46%-ით. ანგარიშის მიხედვით, სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში მთავრობა ყველაზე დადებითად “GDS”-ზე გაშუქდა: “მის ეთერში მთავრობისათვის დათმობილი დროის 24% დადებითი იყო. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას „რუსთავი 2”-ზე ჰქონდა – დათმობილი დროის 66%.”

მონიტორინგის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩანდა, სადაც მისთვის დათმობილი დროის 5% პოზიტიური იყო, ყველაზე უარყოფითად კი, “GDS”-ის ეთერში – დათმობილი დროის 53%

როგორც მონიტორინგის ავტორები ამბობენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ტელევიზიები მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გაცილებით ეთიკურად და დაბალანსებულად აშუქებდნენ საარჩევნო სუბიექტებს. ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის საარჩევნო პერიოდთან შედარებით ტელევიზიების ეთერში ნაკლებად, შეიძლება ითქვას, იშვიათად, ხდებოდა სიძულვილის ენის და შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამოყენება თუ ტირაჟირება, თუმცა ეს პრობლემა მაინც შეიმჩნეოდა.

“ტელევიზიების მთავარ გამოწვევას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების მოძიება და მათი მრავალმხრივი და ამომწურავი გაშუქება წარმოადგენდა. მთელი სამონიტორინგო პერიოდის განმავლობაში ტელევიზიები უმეტესად პოლიტიკოსთა დღის წესრიგის აღწერითა და მათ მიერ წამოწეული თემების გაშუქებით იყვნენ დაკავებული. გამონაკლისი იყო „რუსთავი 2“, რომლის საინფორმაციო გადაცემებში ხშირად ნახავდით ექსკლუზიურ, სიღრმისეულ მედიაპროდუქტს.”

როგორც ანგარიშში წერია, უკლებლივ ყველა სატელევიზიო არხზე დაფიქსირდა მხარეთა შორის გონივრული ბალანსის დარღვევები. იყო შემთხვევები, როცა ახალ ამბავს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით აშუქებდნენ. ქარტიის მონიტორების განცხადებით, პრობლემა იყო პოლიტიკოსების მიერ ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე გაჟღერებული ინფორმაციების ცალმხრივად და გადაუმოწმებლად გაშვება ეთერში. ეს ხშირ შემთხვევაში დაუბალანსებელი კადრ-სინქრონების ფორმატით ხდებოდა.

“რამდენიმე არხზე საარჩევნო სუბიექტების საქმიანობის გასაშუქებლად შეიქმნა სპეციალური რუბრიკები და გადაიცა ვრცელი სიუჟეტები, თუმცა ეს სიუჟეტები თანამედროვე სტანდარტით ძალიან ვრცელი იყო. ინფორმაცია სუბიექტების საქმიანობის შესახებ ხშირად მექანიკურად, ყოველგვარი საერთო ხაზის გარეშე იყო გაერთიანებული, რაც გადაცემას მაყურებლისთვის უინტერესოს ხდიდა. სუბიექტებისთვის დათმობილი დროის მათემატიკური სიზუსტით გადანაწილება კი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ეს გადაცემები მედიამონიტორებისთვის კეთდებოდა და ამომრჩევლის ინტერესზე ნაკლებად იყო მორგებული,” – ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგებით, დროის განაწილებისა და თვისებრივი დაკვირვების შედეგების ანალიზისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკრეტულ არხებს ცალკეული სუბიექტების მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები გააჩნდათ:

“მაგალითად, „ობიექტივი“ აშკარად გამორჩეულად სწყალობდა საარჩევნო ბლოკს „პატრიოტთა ალიანსი“, „რუსთავი 2”-ზე შესამჩნევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათია და ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკულობა. „იმედი“, „მაესტრო“ და „GDS“ ზოგჯერ უპირატეს მდგომარეობაში მთავრობას, პრემიერსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ აყენებდნენ და გამორჩეულად აკრიტიკებდნენ ენმ–ს.”

დასკვნები და რეკომენდაციები

როგორც ქარტიის მონიტორები აცხადებენ, ტელევიზებმა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ექსკლუზიური, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების მოძიებასა და გაშუქებაში. ისინი ტელევიზიებს ურჩევენ, რომ თემები მრავალმხრივად და სიღრმისეულად გააშუქონ. მათი თქმით, სასურველია, რომ მედია თავად ქმნიდეს საკუთარი საინფორმაციო გამოშვების დღის წესრიგს, ნაცვლად არსებული რეალობისა, როცა მედია ძირითადად პოლიტიკოსთა აქტივობების აღწერით შემოიფარგლება.

“ზოგიერთ შემთხვევაში ტელევიზიების საერთო პრობლემად მხარეთა შორის გონივრული ბალანსის დარღვევა და ამბის ერთ წყაროზე დაყრდნობით გაშუქება რჩება. არადა, ჟურნალისტის ერთ-ერთი ვალდებულებაა, ამბავი მიუკერძოებლად, მრავალ წყაროზე დაყრდნობით და დაბალანსებულად გადმოსცეს. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ადგენს, რომ თანაბრად და ადეკვატურად უნდა მოხდეს განსხვავებული მოსაზრებების ასახვა. საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია წარმოადგინოს.”

ანგარიშის მიხედვით, ბალანსის დარღვევა უმეტესად ე.წ. კადრ-სინქრონებში ხდებოდა: “ეს არის მედიაპროდუქტი, როცა საინფორმაციოში გადის კონკრეტული სუბიექტის ინტერვიუს ფრაგმენტი-სინქრონი და ამ სუბიექტის კადრების თანხლებით ისმის წამყვანის ხმა, რომელიც კონკრეტულ ამბავს მოგვითხრობს. ხშირ შემთხვევაში, არ არის მოპასუხე მხარის კომენტარი. მედიასაშუალებები კადრ-სინქრონს რატომღაც სრულფასოვან მედიაპროდუქტად არ აღიქვამენ, არ ამზადებენ მას იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც სიუჟეტს ან რეპორტაჟს უდგებიან და ხშირად არღვევენ ბალანსს. არადა, ის ჩვეულებრივი მედიაპროდუქტია, რომელზეც სტანდარტი ვრცელდება. მაყურებლისა და საზოგადოებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დაუბალანსებელ ინფორმაციას კადრ-სინქრონის სახით მიიღებს თუ სიუჟეტის მეშვეობით. აუცილებელია საპასუხო კომენტარის იმავე პროდუქტში გაშვება, ან იმავე საინფორმაციო გამოშვებაში ცალკე კადრ-სინქრონის მომზადება. უკიდურეს შემთხვევაში, მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მეორე მხარის კომენტარს მოპოვებისთანავე შესთავაზებენ.”

მონიტორინგის ავტორების თქმით, „დანაშაულის უპასუხოდ დაბრალება“- შეიძლება ასე დავარქვათ თითქმის ყველა ტელევიზიაში დაფიქსირებულ ფაქტს, როცა ერთი საარჩევნო სუბიექტი მეორეს არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში სდებს ბრალს. მაგალითად, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლის შანტაჟი, ზეწოლა, დაშინება და სხვ. ქარტიის მონიტორები ამბობენ, რომ მსგავს ბრალდებებს ზოგჯერ საპასუხო კომენტარების გარეშე უშვებდნენ ეთერში. ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ მედია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს დანაშაულის დაბრალების შესახებ ინფორმაციის ერთ წყაროზე დაყრდნობით ეთერში გაშვებას:

“თუ ოპერატიულობის აუცილებლობა არ მოითხოვს, უმჯობესია, მედიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგები 18 მსგავსი ამბავი მაყურებელს მხოლოდ „დადანაშაულებული“ სუბიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვების შემდეგ შესთავაზოს. აუცილებლობის შემთხვევაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს ერთ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა მედიასაშუალებამ იქვე უნდა განუმარტოს მაყურებელს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია, ეყრდნობა მხოლოდ ერთ წყაროს, რომ ცდილობს გადამოწმებას და მეორე მხარის კომენტარს მოპოვებისთანავე მიაწოდებს.”

ანგარიშის მიხედვით, ბალანსის დარღვევისას და ამბის ცალმხრივად გაშუქებისას ჟურნალისტები მაყურებლებს ზოგჯერ არ აწვდიან ინფორმაციას, თუ რატომ არ იყო მეორე მხარის პოზიცია ასახული.

“ისინი პირად საუბრებში განმარტავენ, რომ ესა თუ ის უწყება კომენტარს არ აკეთებს, პრესსამსახური ტელეფონს არასდროს პასუხობს და ა.შ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჟურნალისტმა ყველა მსგავს შემთხვევაში მაყურებელს განუმარტოს, თუ რატომ ვერ მიიღო საპასუხო კომენტარი და რა მცდელობები ჰქონდა კომენტარის მოსაპოვებლად. ეთიკური ჟურნალისტიკა ავალდებულებს ჟურნალისტს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ მან ყველა გზა სცადა ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ამ, თუნდაც უშედეგო, მცდელობის სიუჟეტში ასახვა პროდუქტს უფრო სრულყოფილს და ზუსტს გახდის,” – ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რამდენიმე ტელევიზიის ეთერში რესპოდენტთა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები დაფიქსირდა:

“იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ არხზე რესპონდენტმა დისკრიმინაციული, სიძულვილის ენა და შეუსაბამო ტერმინოლოგია გამოიყენა, მსგავს შემთხვევებში ჟურნალისტს ორი არჩევანი აქვს: თუ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის ავტორი კერძო პირია, არ მოახდინოს მისი გამონათქვამების ტირაჟირება, ხოლო თუ საჯარო პირია, პოლიტიკოსია, შესაძლებელია მისი გამონათქვამების მაყურებლისთვის ჩვენება, ოღონდ ჟურნალისტმა იქვე უნდა ახსნას, რომ ეს არის მიუღებელი, რომ რედაქცია ემიჯნება მსგავს ქმედებებს და ტირაჟირებას მხოლოდ იმიტომ ახდენს, რომ ავტორი საჯარო პირია. სამწუხაროდ, მედია ჩვენს მიერ დაფიქსირებულ შემთხვევებში ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მედიასაშუალება აუცილებლად უნდა გაემიჯნოს ფაქტს, მაყურებელს უნდა განუმარტოს, რომ ეს განცხადება არის ქსენოფობიური, ჰომოფობიური და დაუშვებელი. თანამედროვე ეთიკური სტანდარტები ჟურნალისტს ავალდებულებს, გამოხატოს პოზიცია და გააკრიტიკოს არატოლერანტული, ქსენოფობიური განცხადება და მისი ავტორი.”

ევროკავშირი და გაერო აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ევროკავშირი და გაერო აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ტოქშოუების მონიტორინგი

ქარტიის მონიტორები 2016 წლის 1 ივლისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ 11 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს. მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.

ტოქშოუების საარჩევნო მედიამონიტორინგი მხოლოდ თვისებრივ კომპონენტს მოიცავდა. ქარტიის მონიტორები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ჩანდნენ მონიტორინგის სუბიექტები გადაცემებში. როგორც ქარტიის მონიტორები ამბობენ, თითოეული ტოქშოუ ფასდებოდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: იყო თუ არა გადაცემის თემა რელევანტურად შერჩეული, რამდენად შეესაბამებოდა მოწვეულ სტუმართა კვალიფიკაცია სადისკუსიო თემას, სტუმრების შერჩევისას ხომ არ ჩანდა მიკერძოება, როგორ მიმდინარეობდა მსჯელობა, რამდენად კარგად მართავდა დისკუსიას წამყვანი, როგორი იყო მისი კითხვები, იყო თუ არა მომზადებული, აძლევდა თუ არა იგი სტუმრებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, ხომ არ იყო გამოყენებული გადაცემა სიძულვილის ენის გასავრცელებლად და, საერთო ჯამში, იღებდა თუ არა მაყურებელი რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც მას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.

ანგარიშის მიხედვით, ტოქშოუების დიდი ნაწილი სადისკუსიო თემად არჩევდა საინფორმაციო გამოშვებებში უკვე ფართოდ განხილულ ამბებს და ვერ ახერხებდა მაყურებლისთვის დამატებითი ინფორმაციის ან ანალიზის შეთავაზებას. მონიტორინგის შედეგებით, სექტემბერში გაიზარდა იმ გადაცემების რიცხვი, რომლებშიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებს განიხილავდნენ. მიუხედავად ამისა, ქარტიის მონიტორები მიიჩნევენ, რომ იშვიათად იმართებოდა საგნობრივი დებატები პოლიტიკურ ლიდერებს შორის.

“ნაცვლად იმისა, რომ წამყვანებს პოლიტიკოსებისათვის კრიტიკული კითხვები დაესვათ და ეჩვენებინათ, თუ რამდენად აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა ამა თუ იმ საკითხზე, ან რამდენად რეალურია მათი დაპირებები, საარჩევნო სუბიექტებს ხშირად ტრიბუნა მათთვის სასურველ თემაზე სასაუბროდ ეთმობოდათ. იშვიათად ისმოდა კონტრარგუმენტები, რომლებიც მაყურებელს დაპირებების რელევანტურობისა და რეალურობის შესახებ წარმოდგენას შეუქმნიდა.”

როგორც ქარტიის მონიტორები ამბობენ, წამყვანები საარჩევნო სუბიექტებს უმეტესად ზოგად კითხვებს უსვამდნენ (მაგ. თქვენ როგორ შეაფასებთ? რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორია საარჩევნო გარემო?) და სხვა პოლიტიკური ჯგუფების განცხადებების შეფასებას სთხოვდნენ. შესაბამისად, რესპონდენტთა პასუხებიც ხშირად ზოგადი იყო. კვლევაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე გადაცემაში მონაწილეობდნენ მაჟორიტარული არჩევნების კანდიდატები ცალკეული ოლქებიდან, თუმცა გაურკვეველი დარჩა მათი შერჩევის კრიტერიუმები.

“კითხვის ფორმულირებისას წამყვანები ზოგჯერ ერთმანეთში ურევდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კომპეტენციებს. იგივე პრობლემა შეინიშნებოდა თავად კანდიდატების მხრიდანაც, რაც საბოლოო ჯამში ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას უწყობდა ხელს. არჩევნების პირველი ტურის წინ ტელეარხები, “მაესტრო”, “იმედი” და “GDS” ხშირად ინტერესდებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან “მოსალოდნელი დესტაბილიზაციით” და დიდ დროს უთმობდნენ ამ საკითხის განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა დესტაბილიზაციის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული ფაქტი,” – ნათქვამია ანგარიშში.

ქარტიის მონიტორების განცხადებით, ტელეკომპანიის “GDS” გადაცემას “2030” და “მაესტროს” ტოქშოუებს „ქართული ოცნების“ გაცილებით მეტი წარმომადგენლი სტუმრობდა, ვიდრე სხვა პარტიის წევრები. მათი თქმით, „ობიექტივის“ გადაცემა „ღამის სტუდია“ „პატრიოტთა ალიანსის“ ტრიბუნა იყო. ამ პარტიის წარმომადგენლები თითქმის ყველა გადაცემაში მონაწილეობდნენ, წამყვანები კი ხშირად მათ მხარდაჭერას უცხადებდნენ. ანგარიშის მიხედვით, იყო შემთხვევები, როდესაც წამყვანებმა ვერ მოახერხეს დისკუსიის მართვა, სტუმრებმა გამოიყენეს სიძულვილის ენა და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს ერთმანეთს.

რეკომენდაციები

ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საარჩევნო პროგრამების განხილვას, კანდიდატების ხედვების წარმოჩენას და უმჯობესია, მაყურებელს შესთავაზოს საინფორმაციო გამოშვებისგან განსხვავებული ანალიზი და ინფორმაცია:

“თითოეული კანდიდატისთვის თანაბარი საეთერო დროის დათმობა არ ნიშნავს საარჩევნო თემატიკის კვალიფიციურ გაშუქებას, ვინაიდან ეს არ ემსახურება მაყურებლის უკეთესად ინფორმირებას და ძირითადად ხელს უწყობს კანდიდატების მესიჯების, მათ შორის, არარეალისტური დაპირებების ტირაჟირებას. უმჯობესია, მაუწყებელმა საზოგადოებას აჩვენოს, რამდენად რეალურია დაპირებები, ხედვები და დაეხმაროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. როდესაც რომელიმე რესპონდენტი, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს, უარს ამბობს გადაცემაში მონაწილეობაზე, წამყვანმა ამის შესახებ უნდა ამცნოს საზოგადოებას. საჭიროების შემთხვევაში თავად შეეცადოს მათი პოზიციების წარმოჩენას, ბრალდებების საპასუხოდ დასვას კონტრკითხვები და გაუწიოს ოპონირება სტუმარს.”

ქარტიის მონიტორების რჩევით, წამყვანი უფრო მეტად მომზადებული უნდა იყოს ისეთ რესპონდენტებთან სასაუბროდ, რომლებიც ხშირად ერთსა და იმავე შეცდომაში შემყვან გზავნილებს ავრცელებენ. მათი თქმით, ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, ყოველ ჯერზე შეუსწოროს რესპონდენტს ფაქტობრივი შეცდომები და მაყურებელს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს, ხოლო რესპონდენტის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში, წამყვანი უნდა გაემიჯნოს მათ და მიუთითოს რესპონდენტს, რომ ამგვარი ლექსიკა მიუღებელია.

როგორც ქარტიის მონიტორები აცხადებენ, გადაცემის შემოქმედებითი გუნდი უნდა ეცადოს, რომ ერთმანეთის პირისპირ სადისკუსიოდ არ დასვას ისეთი რესპონდენტები, რომლებს შორისაც მოსალოდნელია კონფლიქტი. მათი თქმით, ამით წამყვანი თავიდან აიცილებს სტუმრებს შორის სავარაუდო ფიზიკურ თუ სიტყვიერ დაპირისპირებას.

რადიოარხების მონიტორინგი

„ინტერნიუსი – საქართველომ“ რადიოარხების მონიტორინგი 2016 წლის 20 მაისს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით განახორციელა, რომელიც 12 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგს მოიცავდა. ესენია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „იმედი“, „ფორტუნა“, „თავისუფლება“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ქალაქი“, „მაესტრო“, „ჰერეთი“ (ლაგოდეხი), „რიონი“ (ქუთაისი), „ათინათი“ (ზუგდიდი) და „აჭარა“(ბათუმი).

ანგარიშის მიხედვით, რადიოგადაცემებში ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მთავრობას დაეთმო; პარლამენტში შესულ მესამე პოლიტიკურ გუნდს, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულ ოპოზიცია“ მცირე დრო დაეთმო და რადიომაუწყებლების უმეტესობამ ის ნეიტრალურად გააშუქა. 2012-2014 წლებთან შედარებით, როგორც მონიტორინგის ავტორი აცხადებს, ოპოზიციური, მათ შორის არასაპარლამენტო, პარტიებისთვის დათმობილი დრო გაიზარდა. არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ რომელიმე რადიომაუწყებელს საერთოდ არ გაეშუქებინა ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სხვა არხებზე შუქდებოდა.

როგორც ანგარიშში წერია, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებსა თუ ქვეყნის განვითარების ხედვებზე სიღრმისეული სიუჟეტები არ მომზადებულა. მსმენელი ძირითადად პოლიტიკოსების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაკეთებულ, ზოგადი ხასიათის, დაპირებებს ისმენდა; ანგარიშის მიხედვით, მცირე დრო დაეთმოთ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს და მსმენელს მათი პარტიული კუთვნილების გარდა სხვა ინფორმაცია ნაკლებად მიეწოდებოდა. მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატებს დრო არ დათმობიათ.

“რადიომაუწყებლებმა არჩევნების დღეებში (8 და 30 ოქტომბერი) აქტიურად იმუშავეს: გააშუქეს დარღვევები, პოლიტიკოსების, ცესკოს, დამკვირვებლებისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციები; რადიომაუწყებლებს შორის კონკურენცია ნაკლებად იგრძნობოდა: ჟურნალისტები ანალიტიკურ, სიღრმისეულ ან ექსკლუზიურ (საავტორო) სიუჟეტებს იშვიათად ამზადებდნენ. სხვადასხვა რადიომაუწყებლის ახალი ამბების ტექსტები ერთმანეთს ხშირად ემთხვეოდა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით პარტიების წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას შეინიშნებოდა,” – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტები პოლიტიკოსების დაწესებულ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ, კრიტიკულ კითხვებს ნაკლებად სვამდნენ, არ იგრძნობოდა მცდელობა, თავად აღმოეჩინათ პრობლემა და პოლიტიკური დისკუსიის საგნად ექციათ.

“ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ახალ ამბები არ მომზადებულა, თუმცა ჟურნალისტები პოლიტიკოსთა განცხადებების გადამოწმებასა და ფაქტებზე დაფუძნებული მედიაპროდუქტის შექმნას ნაკლებად ცდილობდნენ; რადიომაუწყებლების უმეტესობა მცირე დროს უთმობდა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების, სოციალური საკითხებისა და უმცირესობების პრობლემების გაშუქებას; რადიომაუწყებლები მიუკერძოებლად მუშაობდნენ, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევის, ხმით / მუსიკით მანიპულირებისა და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები არ დაფიქსირებულა,” – აღნიშნულია ანგარიშში.

რეკომენდაციები

2012-2014 წლების მონიტორინგის შედეგების მსგავსად, „ინტერნიუსი – საქართველოს“ 2016 წლის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რადიო არ არის პოლარიზებული მედიასეგმენტი და რადიომაუწყებლების უმეტესობა არც ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ გამოხატავს. ორგანიზაციის განცხადებით, ეს კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ რადიომაუწყებლები მსმენელის ინფორმირებულ არჩევანს ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობენ. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მეტ პროაქტიულობას გამოიჩენენ და დამატებითი თემების გაშუქებას შეეცდებიან;
  • მეტ სკეპტიციზმს გამოიჩენენ, დასვამენ არგუმენტირებულ მწვავე კითხვებს და პოლიტიკოსებს შესაძლებლობას არ მისცემენ, ეთერი საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ;
  • მეტ ყურადღებას დაუთმობენ სოციალურ და უმცირესობების პრობლემებს და ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირებისა და პოლიტიკოსების პოზიციებს წარმოაჩენენ;
  • მეტ დროს დაუთმობენ არასამთავრობო სექტორისა და სპეციალისტების შეფასებებს, რაც მოვლენების სიღრმისეული ანალიზის საშუალებას გაზრდის;
  • მეტ ყურადღებას მიაქცევენ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და არ შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ შემთხვევების გაშუქებით, რომლებიც ცენტრალურ ამბებს უკავშირდება;
  • მეტ ყურადღებას მიაქცევენ პარტიების პოლიტიკურ ხედვებსა და პროგრამებს და მოსახლეობასთან შეხვედრების ზედაპირული გაშუქებით არ შემოიფარგლებიან;
  • თავიდან აირიდებენ ან კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ პოლიტიკოსების ისეთ ღონისძიებებზე (სპორტული, კულტურული, რელიგიური, საგანმანათლებლო) გაშუქებისას, რომლებიც ამ უკანასკნელს პირდაპირ ნაკლებად უკავშირდება და მკვეთრად პოზიტიურად წარმოაჩენს.
ბეჭდური მედიის მონიტორინგის შედეგები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბეჭდური მედიის მონიტორინგის შედეგები 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბეჭდური მედიის მონიტორინგი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მონიტორინგი „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ (CDI) განახორციელა 2016 წლის 20 მაისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, რომელიც მოიცავდა 7 გამოცემას: „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „ასავალ- დასავალი“, „ალია“, „გურია news”, ქრონიკა +“ და „კვირის პალიტრა“.

ანგარიშის მიხედვით, ბეჭდურ მედიაში პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი გაშუქება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დაეთმო, ხოლო საკმაოდ აქტიურად შუქდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა.

“მონიტორინგისთვის შერჩეული 7 გამოცემიდან 6-ში მეტ-ნაკლებად ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები ენმ–ისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაშუქებისას; მხოლოდ ერთ გამოცემაში („ქრონიკა +“) ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გაშუქებისას; ორ გამოცემაში („ალია“ და „ასავალ-დასავალი“) გამოვლინდა უარყოფითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებელი როგორც მმართველი გუნდის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის გაშუქებისას. ამ გამოცემებში დადებითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებელი არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა,” – წერია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგებით, ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები დაფიქსირდა გამოცემებში- „ალია“, „ქრონიკა +“ და „ასავალ-დასავალი“, ხოლო ჟურნალისტთა მხრიდან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები სისტემატურად გვხვდებოდა გამოცემებში- „ასავალ-დასავალი“ და „ალია“. მონიტორინგის ავტორების განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები გვხვდებოდა გაზეთებში- „ახალი თაობა“, „ქრონიკა +“, „ალია“ და „ასავალ-დასავალი“.

“არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას საკმაოდ პასიურად შუქდებოდნენ მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები; გამოცემები ნაკლებ დროს უთმობდნენ მეორე ტურის კანდიდატებს და ძირითადად პოლიტიკურ პარტიებს აშუქებდნენ. გამონაკლისი შემთხვევა დაფიქსირდა გაზეთ „ალიაში“, სადაც პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატი უჩვეულოდ დადებითად წარმოჩინდა.”

როგორც ანგარიშშია ნახსენები, ბეჭდურ მედიაში ნაკლებად გვხვდებოდა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული პროცედურების გაშუქება. მონიტორინგის ავტორების თქმით, არჩევნების შედეგების გაშუქებისას შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის ხშირი გამოყენებით გამოირჩეოდნენ „ალია“ და „ასავალ-დასავალი“.

რეკომენდაციები

  • წინასაარჩევნო პერიოდში პრესამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების კონკრეტული საარჩევნო პროგრამების გაშუქებასა და ანალიზს;
  • სასურველია, რომ გამოცემებმა ცალკეულ სტატიებში წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრებები. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული პიროვნების მიმართ მძიმე ბრალდება ისმის;
  • ჟურნალისტებმა საკუთარი მოსაზრებებისა თუ შეფასებების გაკეთება უნდა მოახერხონ შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე;
  • ჟურნალისტის მსჯელობა და დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს სანდო წყაროს და ჯეროვნად გადამოწმებულ ფაქტებს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული პიროვნების მიმართ მძიმე ბრალდება ისმის;
  • კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან.
ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს და წარადგენენ რეკომენდაციებს პროფესიული მედიის განვითარებისთვის. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს და წარადგენენ რეკომენდაციებს პროფესიული მედიის განვითარებისთვის. 16.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ონლაინ მედიის მონიტორინგი

ონლაინ მედიის მონიტორინგი ასევე „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ ჩაატარა 2016 წლის 20 მაისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, რომელმაც 17 ონლაინ გამოცემა მოიცვა: allnews.ge, ambebi.ge, droni.ge, etanews.ge, info9.ge, interpessnews.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, newposts.ge, news.ge, palitratv.ge, pirveli.com.ge, presa.ge, reportiori.ge, tabula.ge, civil.ge, და dfwatch.net.

ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მედიაში ყველაზე აქტიურად შუქდებოდა პოლიტიკური პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.  მონიტორინგისთვის შერჩეული 16 ვებგვერდიდან 10-ზე მეტ-ნაკლებად ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 3 ვებგვერდზე ჭარბობდა უარყოფითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდის გაშუქებისას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 8 ვებ–გვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის მაჩვენებლები მმართველი გუნდის გაშუქებისას, თუმცა მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ვებ–გვერდზე არ გამოვლენილა დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებისას:

“ონლაინ მედიაში შეინიშნება კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა. საკმაოდ იშვიათად გვხვდება ჟურნალისტთა მსჯელობა და საკითხების სიღრმისეული ანალიზი. ვებგვერდები, უმეტეს შემთხვევებში, მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა საქმიანობას აშუქებენ.”

მონიტორინგის ავტორის განცხადებით, ვებ–გვერდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს, ასევე თითქმის არ დაფიქსირებულა ჟურნალისტთა მხრიდან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები:

“ონლაინ მედიის სერიოზულ გამოწვევად რჩება სარედაქციო მასალებისა და კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადოდ გამიჯვნა; მონიტორინგის პერიოდში სისტემატურად გვხვდებოდა შემთხვევები, როდესაც ვებგვერდები სათანადო მითითების გარეშე აქვეყნებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ სტატიებს.”

მონიტორინგის ავტორის თქმით, არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ონლაინ მედიაში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა კონკრეტულ კანდიდატებს და ძირითადი აქცენტი კვლავ პოლიტიკურ პარტიებზე კეთდებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მეორე ტურის პერიოდში დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის (ცეზარ ჩოჩელის) ღია მხარდაჭერა, ხოლო მისი მოწინააღმდეგის (დიმიტრი ხუნდაძის) დისკრიმინაციის მცდელობა ცალსახად შეინიშნებოდა droni.ge–სა და presa.ge–ზე.

“მონიტორინგის პერიოდში ნეტგაზეთზე არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ვებგვერდი მაღალ დონეზე იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. აღსანიშნავია, რომ netgazeti.ge მკაფიოდ მიჯნავს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს სარედაქციო მასალებისგან,” – ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგის ავტორის განცხადებით, საკვლევ პერიოდში netgazeti.ge მკითხველს სთავაზობდა დეტალურ ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების შესახებ. მისი შეფასებით, ვებგვერდმა აქტიურად გააშუქა როგორც საპარლამენტო არჩევნების დღე, ასევე, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები:

“მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეტგაზეთმა აქტიურად და მიუკერძოებლად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ვებგვერდი გამოირჩევა საკითხების სიღრმისეული ანალიზითა და ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნებით ცალკეულ სტატიებში.”

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განცხადებით, ქართულ ონლაინ მედიაში შეინიშნება კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა. მისი დაკვირვებით, ვებ–გვერდების დიდი ნაწილი უკომენტაროდ აქვეყნებს სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებებსა და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას: “იშვიათად გვხვდება საკითხების სიღრმისეული გაშუქება და ანალიზი. ასევე, საკმაოდ იშვიათია ცალკეულ სტატიებში განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების წარმოდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები საკმაოდ იშვიათად გვხვდება.”

როგორც ორგნიზაციის მონიტორი ამბობს, ონლაინ მედიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სარედაქციო მასალებისა და კომერციული ხელშეკრულებების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა. მისი თქმით, მონიტორინგის პერიოდში სისტემატურად გვხვდებოდა შემთხვევები, როდესაც ვებგვერდები სათანადო მითითების გარეშე აქვეყნებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ სტატიებს:

“ონლაინ მედიაში საკმაოდ აქტიურად გაშუქდა როგორც პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობა, ასევე არჩევნების დღე და ხმების დათვლის პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ონლაინ მედიაში შედარებით იმატა სიღრმისეული სტატიების რაოდენობამ, ვინაიდან ვებგვერდების ნაწილი აქტიურად აშუქებდა მომავალი პარლამენტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.”

რეკომენდაციები

როგორც მონიტორინგის ავტორი ამბობს, სასურველია, რომ ონლაინ გამოცემებმა მკითხველს უფრო ხშირად შესთავაზონ საკითხების სიღრმისეული ანალიზი; მისი თქმით, ჟურნალისტები უნდა შეეცადონ, რომ ცალკეულ სტატიებში მკითხველს შესთავაზონ ინფორმაციის წყაროთა და მოსაზრებათა მრავალფეროვნება, რათა სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები არ იყოს ცალმხრივი და მკითხველს მიეცეს საშუალება, გაეცნოს განსხვავებულ მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე და თავად გამოიტანოს დასკვნები.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ ჟურნალისტები უფრო კრიტიკულად მიუდგნენ პოლიტიკოსთა განცხადებებს და მათი გამონათქვამების უკომენტაროდ გაშუქების ნაცვლად, მეტი ყურადღება დაუთმონ ფაქტების გადამოწმებასა და ანალიზს. ორგანიზაციის რეკომენდაციით, ონლაინ მედიასაშუალებებმა უნდა მიუთითონ ინფორმაციის წყაროთა ვინაობა. განსაკუთრებით ისეთ შემთხვებში, როდესაც ინფორმაცია შეიცავს მძიმე ბრალდებას რომელიმე პოლიტიკოსისა თუ სახლემწიფო უწყების მიმართ:

“სასურველია, რომ ონლაინ გამოცემები მოერიდონ სტატიების სათაურებად ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ გამოთქმული მძიმე ბრალდების შერჩევას, თუ სტატიაში მეორე მხარის განმარტება არ არის წარმოდგენილი; ონლაინ მედიის წარმომადგენლები ვალდებული არიან, რომ გააკონტროლონ, თუ რამდენად არის დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები იმ სარეკლამო სტატიებში, რომლებიც მათ ვებგვერდებზე თავსდება.”

როგორც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ აცხადებს, აუცილებელია, რომ მედიასაშუალებამ გარკვევით მიუთითოს, თუ მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია არ წარმოდაგენს რედაქციის ნამუშევარს. ონლაინ მედიასაშუალებებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიები სარედაქციო მასალებისგან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.