აკაკი ზოიძე: 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ.

“ლარის გაუფასურებას სუსტი და მცირე ეკონომიკა იწვევს. ეს ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია იმისათვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ თემებზე, რასაც  ლარის დევალვაცია ჰქვია, საერთოდ აღარ გვქონდეს ლაპარაკი.  2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინსიტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს. პროექტი უკვე განიხილა საპარლამენტო უმცირესობამ და “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციამ.

პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები 9, 489 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 8, 820 მილიონი ლარი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 669 მილიონი ლარი- არასაგადასახადო შემოსავლებზე.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1,315 მილიონი ლარია. ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4,1 %-ზეა დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტის ყოველწლიურ შემცირებას 2020 წლისთვის 2,5%-მდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.