GNCC–ის დროებითი უარი iMovies.ge-ს მფლობელს ITDC–ის წილის შესყიდვაზე

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს დიჯიტალ ედსს, რომელიც შპს აიმუვის.ჯის 60%-იანი წილის მფლობელია, ამავე კომპანიის დარჩენილი წილისა და myvideo.ge-ს მფლობელი ITDC-ის 51%–ის შესყიდვაზე უარი განუცხადა და ხელახალი განხილვა ერთ კვირაში ჩანიშნა. გაირკვა, რომ კომპანიები სარეკლამო შემოსავლებს კომისიაში არ ავსებდნენ.

კომპანიების წარმომადგენლებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა კახა ბექაურმა  შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ისინი კომისიაში ამ ინფორმაციას არ ავსებენ. ITDC-ის დირექტორმა, მამუკა მონავარდისაშვილმა განაცხადა, რომ სარეკლამო შემოსავლები არასდროს შეუვსიათ კომისიაში და დღემდე არავის უთქვამს მათთვის, რომ ეს კანონდარღვევაა.

კახა ბექაურის განცხადებით, კანონმდებლობა ავალებს კომპანიებს, რომ ავტორიზაციასთან დაკავშირებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, თუმცა კომისიაში მათი სარეკლამო შემოსავლები არ ფიქსირდება. მისი თქმით, შესაძლოა, რომ ეს კომპანიები არც რეგულირების საფასურსს იხდიდნენ.

“კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ კვლევა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჩაატაროს კომისიამ და დაადგინოს აფილირება, თუ ბაზრის რა წილი უკავია ამ ორ კომპანიას, რომლებსაც ერთი მფლობელი უნდა გაუხდეს, რათა შევისწავლოთ მისი საბაზრო ძალაუფლება. ჩავთვალეთ, რომ აქ არ იყო საკმარისი ინფორმაცია ამ გამოკვლევის ჩასატარებლად და დავსვი ამ კუთხით კითხვები, რის შემდეგაც გაირკვა, რომ გარკვეული შემოსავლების ნაწილი, რომელიც კომპანიას დღეს გააჩნია (კერძოდ, სარეკლამო შემოსავლები), ITDC-ის შემთხვევაში კომისიაში საერთოდ არ ფიქსირდება, რაც დაადასტურა კიდეც კომპანიის წარმომადგენელმა. iMovies.ge-ს წარმომადგენელს არ უთქვამს თავის პოზიცია, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მისი სარეკლამო შემოსავლებიც არ იქნება დაფიქსირებული კომისიაში. ამან დაბადა კითხვის ნიშნები, კანონმდებლობის შესაბამისად აკეთებდნენ თუ არა იმას, რომ არ წარმოუდგენიათ აქამდე მათი სარეკლამო შემოსავლები. ისინი ფიქრობენ, რომ ავტორიზაცია, რომელიც გავლილი აქვთ კომისიაში და საქმიანობენ ამ ავტორიზაციის თანახმად, სარეკლამო შემოსავლები არ არის ამ საქმიანობის ნაწილი და ამიტომ არ წარმოადგინეს. ჩვენ გაგვიჩნდა კითხვები ამის შესახებ, რომ შეიძლება ეს იყოს მათი ავტორიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავალი და ამ საკითხების შესწავლის გამო გადავდეთ საკითხი ერთი კვირით,” – ამბობს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, კახა ბექაური.

შპს აიმუვის.ჯი iMovies.ge-ის მფლობელია, ხოლო ITDC–ის საკუთრებაშია მისი კონკურენტი – Myvideo.ge. იმ შემთხვევაში, თუ 16 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ შესყიდვებზე თანხმობას განაცხადებს, შპს დიჯითალ ედსი სრულად გახდება შპს აიმუვის.ჯის მფლობელი და ITDC-ს აქციების 51%-ს შეიძენს.

GNCC–ის დროებითი უარი iMovies.ge-ს მფლობელს ITDC–ის წილის შესყიდვაზე. 08.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

GNCC–ის დროებითი უარი iMovies.ge-ს მფლობელს ITDC–ის წილის შესყიდვაზე. 08.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.