ახალი ამბები

პარლამენტთან მოქმედი ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სახრჩობელა დაამტვრიეს [ვიდეო]

7 დეკემბერი, 2016 • 4377
პარლამენტთან მოქმედი ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სახრჩობელა დაამტვრიეს [ვიდეო]

“კანონი კლავს” – ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან მიტანილი სახრჩობელის დამტვრევით სახელმწიფოს დემურ სტურუას საქმე შეახსენეს და მოქმედი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.

“კანონი კლავს” – აქცია სახრჩობელით ყოფილი პარლამენტის წინ [LIVE]

მოქალაქეები სახელმწიფოს დემურ სტურუას ამბავს ახსენებენ და ადამიანების დასჯაზე ორიენტურებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ.

#ნარკოპოლიტიკა #დემურსტურუა

Posted by netgazeti.ge on Wednesday, December 7, 2016

დღევანდელი მანიფესტაცია მოახლოებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით და საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (Genpud) ინიციატივით, „თანადგომის“ და „საქართველოს ზიანის შემცრიების ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველო გამოირჩევა სრულიად არაჰუმანური, არაცივილიზებული და მკვლელი ნარკოპოლიტიკით, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გაღარიბებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების და ტანჯვის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლების დარღვევას:

“ყოვლად შემაძრწუნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი ტოტალიტარულ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი მკვლელი ნარკოპოლიტიკის გამო მრავალმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე თვითმკვლელობითაც დაასრულა სიცოცხლე, აგრეთვე, მიუხედავად არაერთი საარჩევნო დაპირებისა, დღევანდელი არჩეული ხელისუფლება კვლავ არ არის მოწოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ცვლილებებისთვის და კვლავ მასობრივად ახორციელებს ახალგაზრდების დაპატიმრებას, ჩვენი ოჯახების დევნას, დანაშაულის ზრდას, პროგრესის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას.”

მოქალაქეებმა პარლამენტთან სახრჩობელის დამტვრევით სახელმწიფოს დემურ სტურუას საქმე შეასხენეს და ძალადობრივი ნაკროპოლიტიკა გააპროტესტეს. თბილისი, საქართველო. 07.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მოქალაქეებმა პარლამენტთან სახრჩობელის დამტვრევით სახელმწიფოს დემურ სტურუას საქმე შეახსენეს და მოქმედი ნაკროპოლიტიკა გააპროტესტეს. თბილისი, საქართველო. 07.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მათი განცხადებით, თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა:

“საქართველოში კი არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არაერთი უარყოფითი შედეგი მოგვიტანა, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, ასევე, ჩვეულებრივ ჩვენი საზოგადოებისთვის და ამგვარად, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.”

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი ადეიშვილი, რომელიც პოლიციამ 14 ნოემბერს დააკავა. ის აცხადებს, რომ ისანი–სამგორის მე–2 განყოფილების უფროსმა, უფროსის მოადგილემ და მათმა თანამშრომლებმა ნარკოტიკი “ჩაუდეს”. ადეიშვილის განცხადებით, პოლიციამ იგი ჯერ უკანონოდ გააჩერა, შემდეგ თბილისის ზღვაზე წაიყვანა და მანქანა გაუჩხრიკა, ხოლო როდესაც ვერაფერი უპოვეს, ჯიბეში უცნაურად შეკრული ნივთი “ჩაუდეს” და გარკვეულ ინფორმაციას გამოძალვა სცადეს. ადეიშვილის თქმით, კიდევ არაერთი ადამიანი განიცდის ზეწოლას, რის გამოც საზოგადოებამ უნდა გაბედოს და ამოიღოს ხმა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. 07.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქცია პარლამენტთან მოქმედი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ. 07.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დღევანდელ მანიფესტაციას შეუერთდა თეთრი ხმაურის მოძრაობა, რომელიც 10 დეკემბერს მსგავსი შინაარსის აქციას თავადაც გამართავს. მათი განცხადებით, 10 დეკემბერი გამოავლენს, თავს აღწევს საზოგადოება მარწუხებს, თუ ემორჩილება დევნას, ასევე, ირჩევს ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, თუ აგრძელებს ნარკოპოლიციას:

“10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა. მსჯელობის დრო დიდი ხანია დასრულდა. საზოგადოების უმრავლესობა შევთანხმდით დეკრიმინალიზაციაზე. აღარავის აქვს უფლება, წინ აღუდგეს პროცესს. არ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ მსუბუქ ნარკოტიკებს შეეხოს, რადგან ნარკოპოლიტიკის რეფორმა უპირველესად სწორედ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლების ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს. სხვა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.”

თეთრი ხმაურის მოძრაობა ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და 1- წლიანი წნეხის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. მოძრაობა მიიჩნევს, რომ ნარკომომხმარებლებს ზრუნვა სჭირდებათ და არა დასჯა. ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, გაიზიარონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი