ახალი ამბებისამართალი

ადვოკატის თქმით, გენისპექცია პოლიციის მიერ ნარკოტიკების “ჩადებას” არ იძიებს

29 ნოემბერი, 2016 • 3870
ადვოკატის თქმით, გენისპექცია პოლიციის მიერ ნარკოტიკების “ჩადებას” არ იძიებს

პოლიციის ხელმძღვანელი პირების მხრიდან ნარკოტიკების შესაძლო “ჩადების” საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ ინსპექციას მოქალაქე გიორგი ადეიშვილმა და მისმა ადვოკატმა 16 ნოემბერს მიმართეს. თუმცა, მათი თქმით, დღემდე არანაირი პასუხი მიუღიათ და არც არავინ გამოხმაურებიათ.

გიორგი ადეიშვილი, რომელიც 14 ნოემბერს დააკავეს, აცხადებს, რომ ისანი–სამგორის მე–2 განყოფილების უფროსმა, უფროსის მოადგილემ და მათმა თანამშრომლებმა ნარკოტიკი “ჩაუდეს”. ადეიშვილის განცხადებით, პოლიციამ იგი ჯერ უკანონოდ გააჩერა, შემდეგ თბილისის ზღვაზე წაიყვანა და მანქანა გაუჩხრიკა, ხოლო როდესაც ვერაფერი უპოვეს, ჯიბეში უცნაურად შეკრული ნივთი “ჩაუდეს” და გარკვეულ ინფორმაციას გამოძალვა სცადეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი და ადეიშვილის ადვოკატი, როლანდ ასაკაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველების უკანონო ქმედებების გარდა, დაკავებულს არ მიეცა ადვოკატის ყოლის უფლებაც. ადვოკატის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გენერალური ინსპექცია არ აღმოჩნდა ეფექტური ამ საქმის გამოძიებისთვის:

“პოლიციელების უკანონო ქმედებების შემდეგ დაზარალებულმა ფაქტის გამოსაძიებლად გენერალურ ინსპექციას მიმართა, თუმცა მათგან დღემდე არანაირი პასუხი მიუღია და არც არავინ გამოხმაურებია. გენისპექცია არ ასრულებს მათთვის დაკისრებულ მოვალეობას და მსგავსი ფაქტების გამოვლენა არ წარმოადგენს მათ პრიორიტეტს.”

ადეიშვილის თქმით, ხუთი სამართალდამცავიდან, რომლებმაც გასაჩხრეკად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებთან წაიყვანეს, ორს რამდენიმე წელია პირადად იცნობს. ნარკოტიკების “ჩადებასა” და ინფორმაციის ამ ფორმით გამოძალვაში ადეიშვილი ისანი-სამგორის მეორე განყოფილების პოლიციის უფროს თორნიკე ონიანსა და მის მოადგილე ლევან ბიწკინაშვილს ადანაშაულებს. ის ასევე აცხადებს, რომ ხუთივე პოლიციელის ამოცნობა შეუძლია.

გიორგი ადეიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

გიორგი ადეიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე

ისანი–სამგორის მეორე განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ადეიშვილი დიდ დიღომში 14 ნოემბერს დააკავეს. ადვოკატის თქმით, დაკავებულს ადგილზე ჩაუტარდა ვიზუალური დათვალიერება და კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მისი პირადი ავტომანქანით გადაიყვანეს თბილისის ზღვაზე, კერძოდ, სასაფლაოების ტერიტორიაზე. ადვოკატის განცხადებით, გაჩხრიკეს დაკავებულიც და მისი ავტომობილიც, რის შედეგადაც ასევე არაფერი აღმოაჩნდა. საბოლოოდ, როგორც გიორგი ადეიშვილი აცხადებს, ისანი–სამგორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მასზე განახორციელეს ზეწოლა.

“მთხოვდნენ კონკრეტული პირების შესახებ ინფორმაციას და მაიძულებდნენ, ავსულიყავი ერთ–ერთის საცხოვრებელ სახლში, ამეტანა მათ მიერ მოცემული ნარკოტიკი და ამის გაკეთების შემთხვევაში, გამათავისუფლებდნენ. უარის მიღების შემდეგ, განყოფილების უფროსმა და მისმა მოადგილემ წარმიდგინეს ორი ნივთიერება: ერთზე ამბობდნენ, რომ იყო ე.წ. ბიო, ხოლო მეორე- მარიხუანა. მომცეს არჩევნის საშუალება, თუ რომელს ავიღებდი და რომელზე მოვაწერდი ხელს, რომ ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. იძულებული გავხდი, რომ მომეწერა ხელი ჩხრეკის ოქმზე, თითქოს გადავადგილდებოდი ფეხით დიღომში და ჩემი ჩხრეკისას ამოიღეს კონკრეტული ნარკოტიკული საშუალება,” – ამბობს გიორგი ადეიშვილი.

ადვოკატის თქმით, როგორც ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, ეს იყო 10 გრამამდე მარიხუანა. როლანდ ასაკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მეორე დღეს გათავისუფლდა, პროკურორის დადგენილების შესაბამისად, ვინაიდან აღარ იყო დაკავების საფუძველი. გიორგი ადეიშვილმა და მისმა ადვოკატმა 16 ნოემბერს მიმართეს გენერალურ ინფპექციას და მოითხოვეს, ისანი–სამგორის მეორე განყოფილების ხელმძღვანელი პირების მიმართ დაწყებულიყო წინასწარი გამოძიება, თუმცა, როგორც აცხადებენ, მათ დღემდე არავინ დაკავშირებია.

“განცხადებას თან ერთვოდა პირადად ჩემი, როგორც ადვოკატის, ორდერი, სადაც მივუთითებდი, რომ მომხდარიყო დროული რეაგირება, მაგრამ დღემდე არავინ დაგვკავშირებია გენერალური ინსპექციიდან. იგივე არ შეიძლება ითქვას თბილისისა და ისანი–სამგორის პროკურატურაზე, რომლებმაც, როგორც კი მიიღეს აღნიშნული ინფორმაცია ჩვენგან, რომ აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს გიორგი ადეიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები, მოხდა მყისიერი რეაგირებები; 21 ნოემბერს დაგვიბარეს თბილისის პროკურატურაში, დაიწყო გამოძება კონკრეტული პირების, პოლიციის თანამშრომლების. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო წინასწარი გამოძება და დაიკითხა აღნიშნულ ფაქტზე. წარდგენილი შუამდგომლობები დაკმაყოფილდა, რომლითაც ვითხოვდით, რომ გადამოწმებულიყო ის ადგილი, სადაც გადაადგილდნენ ადეიშვილისა და პოლიციის ავტომანქანები,” – ამბობს როლანდ ასაკაშვილი.

როლანდ ასაკაშვილი, ადვოკატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

როლანდ ასაკაშვილი, ადვოკატი. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

ადვოკატის თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე განათების ბოძებზე, განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა  და, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს ამ კადრების ამოღება, საიდანაც დადგინდება, რომ თავისი ავტომანქანით გადაადგილდება, რომელსაც უკან მოჰყვება პოლიციის ავტომანქანა. მისი თქმით, ამ კადრებით გამოჩნდება ის კონკრეტული ქმედებები, რაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს დაკავებულის მიმართ.

14 ნოემბერს გიორგი ადეიშვილის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გიორგი ადეიშვილი და მისი ადვოკატი სასამართლო პროცესს ელოდებიან

პოლიციელის მხრიდან შესაძლო უფლებასმოსილების გადამეტების ფაქტზე შსს-ში “ნეტგაზეთს” 16 ნოემბერს განუცხადეს, რომ “თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე გადაცდომაზე, უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ჩაატარებს სამსახურეობრივ შემოწმებას.”

როლანდ ასკანაშვილის თქმით, საქართველოს გენერალურ ინსპექციაში დღემდე ერთი გამოკითხვაც კი არ ჩატარებულა. მისი თქმით, გენისპექციის მხრიდან დღემდე არანაირი რეაგირება მომხდარა ამ საქმის გარემოებების ირგვლივ.

გიორგი ადეიშვილის თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ნარკოტიკების “ჩადება” მხოლოდ მას არ ეხება, თუმცა ადამიანებს ეშინიათ ხმის ამოღების. როგორც ადეიშვილი ამბობს, ისანი–სამგორის პოლიციის უფროსმა თორნიკე ონიანმა პირველად თელავში დააკავა იმავე მიზეზით, გადაიყვანა პოლიციის შენობაში, რის გამოც სახლში მისი ბავშვი მარტო დარჩა.

“ეს ხდება მასობრივად – იჭერენ ხალხს და “უდებენ” ფაქტს. ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ვერ იღებენ ხმას, რადგან ეშინიათ. ეშინიათ იმიტომ, რომ ხმას თუ ამოიღებენ, უფრო უარესს გაუკეთებენ. მე თვითონაც უკვე პარანოია დამეწყო. მეშინია, რომ ლევან ბიწკინაშვილის მსგავსი ჯალათი სადმე დამხვდება და რამე სასწაულს დამმართებს, მაგრამ სხვა გზა აღარ დამიტოვეს და ამიტომ ამოვიღე ხმა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ “ფეხებზე ჰკიდიათ” ნებისმიერი ადვოკატი იმიტომ, რომ გასდით და აკეთებენ. სწორედ ეს ხალხი მუშაობდა პოლიციაში წინა ხელისუფლების დროს და იქიდან მოყოლებული აკეთებენ ამას, თუმცა ამის გამო მათ პასუხს არავინ თხოვს,” – ამბობს ადეიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42–ე მუხლი” მიიჩნევს, რომ გენერალური ინსპექცია არ ასრულებს თავის მოვალეობას და არ ახდენს დროულ რეაგირებას კონკრეტულად პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ამა თუ იმ უკანონო ქმედებებზე.

გიორგი ადეიშვილის განცხადება გენერალურ ინსპექციაში, რომელიც 16 ნოემბრით თარიღდება. განცხადებაში ადეიშვილი დეტალურად აღწერს მისი დაკავების ფაქტს და მოითხოვს, დაიწყოს წინასწარი გამოძება ისანი–სამგორის პოლიციის მე–2 განყოფილების ხელმძღვანელი პირების მიმართ.

გიორგი ადეიშვილის განცხადება გენერალურ ინსპექციაში, რომელიც 16 ნოემბრით თარიღდება. განცხადებაში ადეიშვილი დეტალურად აღწერს მისი დაკავების ფაქტს და მოითხოვს, დაიწყოს წინასწარი გამოძება ისანი–სამგორის პოლიციის მე–2 განყოფილების ხელმძღვანელი პირების მიმართ.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ამ დროისთვის არკვევენ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა გენერალურმა ინსპექციამ ისანი–სამგორის პოლიციის მე–2 განყოფილების ხელმძღვანელი პირების მიმართ წინასწარი გამოძება და რა შედეგით დასრულდა. შსს–ს პასუხს ამავე მასალაში გამოვაქვეყნებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი