ახალი ამბები

მთავრობა: აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

6 დეკემბერი, 2016 • 1914
მთავრობა: აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,   პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, მაიკლ კარპენტერს შეხვდა.

“საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის,” – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეების შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

“შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.  ყურადღება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსაც დაეთმო.”

შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან – თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი