საქართველო აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში

აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 2017 წელს საქართველო აშშ-ისგან მხარდაჭერას მიიღებს თავდაცვისუნარიანობის ასამაღებლად.  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, ხვალ თბილისში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ელოდებიან, რომელმაც კონკრეტული საკითხები უნდა შეათანხმოს.

ბიუჯეტის პროექტის 12.52 პუნქტში წერია, რომ “საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებისკენ წინსვლა”, მაგალითად, ავღანეთში, “აისაფის” მისიაში მონაწილეობით.

“კონგრესი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. კონგრესი მხარს უჭერს საქართველოსა და აშშ-ს შორის მუდმივ თანამშრომლობას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ხალხი და სუვერენიტეტი”, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბრისას აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, ის, თუ რა თანხას მიიღებს ამ მიზნით ოფოციალური თბილისი ვაშინგტონისგან, ქართული მხარეზეცაა დამოკიდებული:

“ეს არის საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენ ველით რამდენიმე დელეგაციას, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. ჩვენ გვჭირდება იდეები ქართული მხრიდანაც. თუმცა, ვფიქრობ, თანამშრომლობა ძირითადად ორიენტირებული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე. ბიუჯეტი იმაზეა დამოკიდებული, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად”, – როგორც “რუსთავი2” იუწყება, ასე განაცხადა იან კელიმ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com