ახალი ამბები

ქუცნაშვილი: პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემია არ უნდა არსებობდეს

29 ნოემბერი, 2016 • 1795
ქუცნაშვილი: პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემია არ უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემიების სისტემა არ უნდა არსებობდეს:

“საჯარო სამსახურში პრემიების სისტემა მხოლოდ საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის უნდა არსეებობდეს. პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის პრემიების სისტემა არ უნდა არსებობდეს. პოლიციელები არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათ აქვთ პრემიის მიღების უფლება, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება, მაგრამ არა პრემია,” – აღნიშნავს ქუცნაშვილი.

2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა, 880 736 ლარი გაიცა ოქტომბერში. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო ინფორმაციაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ შსს-დან მიიღო.

IDFI-ის მიერ მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი.

შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში – 4 335 ლარი.

“მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.  მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა – 107 250 ლარი, ლევან იზორიამ – 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში- 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა- 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში – 44 000 ლარი. ერთჯერადად, მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით  ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე – ივლისის პრემია 22 000 ლარი.  2013 წლის მაისში  ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას -13 250 ლარი”, – აცხადებენ IDFI-ში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი