2013 წლის იანვარ-ოქტომბერში შსს-ს თანამდებობის პირებზე, ჯამში, 6 969 892 ლარი პრემია გაიცა

2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა, 880 736 ლარი გაიცა ოქტომბერში. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო ინფორმაციაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ შსს-დან მიიღო.

miachart1

IDFI-ის მიერ მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი.

შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში – 4 335 ლარი.

“მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.  მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა – 107 250 ლარი, ლევან იზორიამ – 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში- 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა- 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში – 44 000 ლარი. ერთჯერადად, მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით  ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე – ივლისის პრემია 22 000 ლარი.  2013 წლის მაისში  ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას -13 250 ლარი”, – აცხადებენ IDFI-ში.

mia1

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2013 წელს (10 თვე)  ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს -70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის,   ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს  ავთანდილ თაბუნიძეს – აგვისტოს პრემია 18 750 ლარი, და ირაკლი ჩიმაკაძეს – სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.

mia2

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს  (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია  492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსს  და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ, ჯამში, 144 675 ლარი. მაგალითად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი.

mia3

IDFI-ის ცნობით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს  (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174  894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსებს მიღებული აქვთ 200 500 ლარი.  მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.

mia4

IDFI-ის ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.

mia5

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში- 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს”.

miachart2

mia6axali

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ მიიღო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ. ამ ინფორმაციას ითხოვდა გაზეთი “ბათუმელებიც”.

“IDFI ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი  ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მოგვაწოდა, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე”.

IDFI-ის განცხადებით, თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის  24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა.  აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგოდ გაასაჩივრა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში. ამდენად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდგომ, 2016 წლის 13 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით IDFI-მ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება 2016 წლის 25 ივლისს გაუგზავნა. შეტყობინების გაგზავნიდან თითქმის ოთხი თვის გასვლის შემდეგაც უწყება არ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებას და არ გასცემდა მოთხოვნილ ინფორმაციას, რის შემდეგაც IDFI-მ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

“აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან – ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მოუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ”, – IDFI-ში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com