ახალი ამბები

“გირჩის” კიდევ ერთი წევრი პოლიტიკიდან მიდის

28 ნოემბერი, 2016 • 2797
“გირჩის” კიდევ ერთი წევრი პოლიტიკიდან მიდის

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წარმომადგენელი გუგა ჩაფიჩაძე პოლიტიკიდან მიდის. მისი თქმით, აპირებს, დრო და ენერგია სხვა სფეროში დახარჯოს.

“გადავწყვიტე, ჩამოვშორდე აქტიურ პარტიულ საქმიანობას. შესაბამისად, ვტოვებ “გირჩს”. ვრჩები “გირჩის” მხარდამჭერად და მჯერა, რომ მას ყველაზე თანმიმდევრული და გამართული პროგრამა აქვს. ვრჩები ზურა ჯაფარიძის და სხვა გირჩების მეგობრად. ვაპირებ, ჩემი დრო და ენერგია სხვა სფეროში დავხარჯო და განსხვავებული სივრცეებიდან ვიბრძოლო ამ იდეებისთვის. შესაბამისად, დღეის შემდეგ ჩემი ყველა სიტყვა ექსკლუზიურად ჩემი პოზიციაა და არა გირჩის. ერთად გატარებული დროისთვის დიდი მადლობა ყველა გირჩელს და გირჩის ყველა მხარდამჭერს”,- წერს გუგა ჩაფიჩაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე აცხადებს. არჩევნების პირველივე ტურის დასრულებისთანავე ამის თაობაზე განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რასაც მოჰყვა ამ პარტიიდან სხვა ლიდერების წასვლაც. მოგვიანებით, რესპუბლიკური პარტია დატოვა დავით უსუფაშვილმა და რამდენიმე ლიდერმა, რომლებსაც ჯერ ახალი პოლიტიკური ძალა არ შეუქმნიათ. “ეროვნული ფორუმი” დატოვა გუბაზ სანიკიძემ, რომელსაც ასევე არ დაუწყია ჯერ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. 28 ნოემბერს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი