თბილისის შეფასებით, მოსკოვის ხელშეკრულება სოხუმთან აფხაზეთის ანექსიას ემსახურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმებას, რომლის რატიფიკაციის თაობაზე კანონს 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის “მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას”, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს არღვევს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო ქმედებას, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის წინააღმდეგ და წარმოადგენს აგრესიის გამოხატულებას საქართველოს წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და ქმედითი ზომები მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან ასაცილებლად.” – აცხადებენ სამინისტროში.

2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს. მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

ხელშეკრულების რატიფიკაციისა და პრეზიდენტის ხელმოწერას დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამოეხმაურნენ. აშშ არ აღიარებს რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ხელშეკრულების ლეგიტიმაციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი