ახალი ამბები

წალენჯიხაში ცოლ-ქმარი დახოცეს

19 ნოემბერი, 2016 • 1360
წალენჯიხაში ცოლ-ქმარი დახოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 35 წლის მამაკაცმა ცოლ-ქმარი დახოცა, მოგვიანებით კი თვითმკვლელობა სცადა. სოფელ ლიას რწმუნებულის, ვახტანგ კვირკველიას ცნობით, შემთხვევა 19 ნოემბერს, დილით, 10-დან 11 საათს შორის შუალედში მოხდა.

შსს-ში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ფაქტი. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, – ეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რაც, კოდექსის თანახმად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შსს-ს ცნობითვე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა, თუმცა, როგორც შსს წერს, “შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამჟამად იგი საავადმყოფოში ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება”, – აცხადებს შსს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული ფსიქიკურადაა დაავადებული და “შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება”.

სოფელ ლიას რწმუნებული, ვახტანგ კვირკველია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, დაღუპულები არიან ბრალდებულის, 35 წლის მამაკაცის, მშობლები, ინფორმაციას შსს-ც ადასტურებს. მისივე თქმით, შემთხვევა მათ სახლში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი