ახალი ამბები

„ქართუ ბანკში“ აცხადებენ, რომ ჯარიმის გადასახდელად რესურსი არ აქვთ

20 აგვისტო, 2012 • • 1172
„ქართუ ბანკში“ აცხადებენ, რომ  ჯარიმის გადასახდელად რესურსი არ აქვთ

 „ქართუ ბანკმა“ „ბეტა მაქსს“ დამტკიცებული სესხი 10 მილიონი დოლარი არ გადაურიცხა, დარღვეული ხელშეკრულების გამო ბანკს აღნიშნული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

“ქართუ ბანკის” პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, ბანკი რესურსის არქონის გამო ჯარიმას ვერ გადაიხდის:

 

„მიზანმიმართულად ხდება, რომ  ბანკის ლიკვიდურობის კოეფიციენტი დაირღვეს. ეს  ეროვნულ ბანკისთვის  „ქართუში“ დროებითი ადმინისტრაციის დასანიშნად კარგი არგუმენტია“.

 

რატომ დაეკისრა ჯარიმა „ქართუ ბანკს“ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კომერციული სტრუქტურა?

 

სახელმწიფოს მიერ სს “ქართუ ჯგუფში” დანიშნული დროებითი მმართველი ვლადიმერ უგულავა 2012  წლის ივლისში დაინიშნა.  ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ერთ დღეში დააკმაყოფილა 4 კომპანიის მოთხოვნა სესხის მიღების შესახებ. მათ შორის „ბეტამაქსის“, რომელიც ბანკისგან 10 მილიონი დოლარის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

 

ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ უგულავამ ბანკის განაწესი დაარღვია, რადგან სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო: 

 

“მოთხოვნა” 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტების გაცემაზე, ბანკში კანცელარიის გვერდის ავლით შემოვიდა.  საკითხი არ განუხილავს არც საკრედიტო დეპარტამენტს, არც საკრედიტო საინვესტიციო კომიტეტს, არც რისკების მართვის დეპარტამენტს და არც აქტივ-პასივების მართვის სამსახურს. ეს ადასტურებს გადაწყვეტილების მიღების არსსა და მიზანს, მით უფრო, რომ ბანკს ამ დროისთვის არ გააჩნდა ასეთი ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი და არც რაიმე სახის შეთანხმება“.  

 

„ქართუ ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზურაბ გოგავას განმარტებით, თუ ბანკი შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით  არ გადაიხდის ამ თანხას, მაშინ მის წინააღმდეგ ჩვეულებრივი აღსრულების პროცესი დაიწყება:

 

„მოხდება ბანკის ანგარიშების და ქონების დაყადაღება. ეს ეხება პირველ 10 მილიონ დოლარს. ჯამში, სასესხო ხელშეკრულება 50 მილიონზეა გაფორმებული და დანარჩენ 40 მილიონზეც დგას იგივე რისკი.“  

 

ბანკში აღსრულების ბიუროს ფურცელი 17 აგვისტოს მიიღეს. ვალის გადახდის ვადა 24 აგვისტოს იწურება.

 

ზურაბ გოგავას განმარტებით, ამ ჯარიმის დაკისრების შედეგად ბანკმა შესაძლოა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ნორმატივები დაარღვიოს:  

 

„ყველაზე მიშვნელოვანია ლიკვიდობის ნორმატივი, კერძოდ, ბანკს რამდენად აქვს უნარი, რომ გაისტუმროს მიმდინარე აქტივები და  ვალდებულებები. თუ ეს 11 მილიონი დოლარი ჩვენ ვალდებულებაში ჩაგვიჯდა, ეს ნორმატივი დაირღვევა. ბანკის ლიკვიდურობასთან კავშირშია სხვა  ნორმატივებიც: ეროვნულ ვალუტაში განთავსებული სახსრების კოეფიციენტი, საკორესპონდენტო ანგარიშზე მინიმალური თანხების ზღვარი.  

 

თუ ეროვნული ბანკი მოითხოვს, რომ ჩვენ ვალდებულებებში ავსახოთ 50 მილიონი დოლარი, ბანკი ყველა ნორმატივს დაარღვევს. მიზანმიმართულად იცოდნენ, რომ ეს ნორმატივები დაირღვევოდა და ეს მძიმე  ვალდებულება აიღეს. საკმაოდ სენსიტიურია არაუზრუნველყოფილი სესხების კოეფიციენტის ნორმატივიც. აქ არის 25– პროცენტიანი ზღვარი. 1– მილიონიანი რყევა პორტფელში ამ ნორმატივის დარღვევას იწვევს.“

 

ზურაბ გოგავას განმარტებით, ბანკს ამ რისკების გასანეიტრალებლად რესურსი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაკირებული ჯარიმა  80 მილიონი ლარი „ქართუ ბანკის“ რესურსიდან გადაიხადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი