ახალი ამბები

საქართველოს გენერალური შტაბის მეთაურობით ნატოს სწავლება იმართება

10 ნოემბერი, 2016 • 1911
საქართველოს გენერალური შტაბის მეთაურობით ნატოს სწავლება იმართება

“კრწანისის წვრთნისა და შეფასების ცენტრი” (JTEC) “ნატო-საქართველოს სწავლება 2016”-ს ხელმძღვანელობს, რომლის ფარგლებშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს მიიღებს. ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დღეს სწავლება ოფიციალურად გაიხსნა.

“ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ვაზიანსა და წვრთნისა და შეფასების ერთობლივ მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისში” 10-20 ნომბერს გაიმართება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პირველად უხელმძღვანელებს ალიანსის კრიზისებზე რეაგირების სწავლებას. ის ნატოსა და საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობით დაიგეგმა. “ნატო-საქართველოს სწავლება 2016” პირველი წვრთნაა, რომელიც წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ტარდება.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ეს არის სამეთაურო-საშტაბო ტიპის სწავლება, რაც გულისხმობს, რომ კომპიუტერული მხარდაჭერითა და ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებასა და აღსრულებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სწავლება შეამოწმებს როგორც ქართველი ოფიცრების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი აცხადებს, რომ წვრთნა ქართველ სამხედროებს ეხმარებათ, შეიძინონ, განიმტკიცონ უნარები და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები დამოუკიდებლად. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენარალი ვლადიმერ ჩაჩიბაია კი აცხადებს, რომ სწავლების დასრულების შემდეგ ქართული სამხედრო ძალები გაცილებით თავსებადი იქნება ნატოს სტანდარტებთან.

ნატოს გაეთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ტორსენ კოლერი. 10.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ტორსენ კოლერი. 10.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ნატოს წარმომადგენლების განაცხადებით, საქართველოში მსგავსი სახის სამხედრო სწავლება ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ ძალისხმევას გამოხატავს.

“ეს იქნება საშუალება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება საქართველოს სამხედრო ძალებთან დაკავშირებით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ალიანსის და რეგიონის უსაფრთოხების საქმეში,” – აცხადებს ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგი.

წვრთნის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ტორსენ კოლერმა. მისი თქმით, ქართული მხარე დიდ შრომას დებს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.

სწავლების დაწყებას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტერალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი. აპატურაის განცხადებით, სწავლება საქართველოსა და ნატოს მტკიცე თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს არის ნატოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი.

წვრთნა პირველი ქართული სწავლებაა, რომელიც ნატოს რეგულარული სწავლებების ციკლშია და მისი განხორციელება მომავალშიც იგეგმება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად სწავლებაში ნატოს 11 წევრი, 2 პარტნიორი ქვეყანა და ნატოს სტრუქტურებში შემავალი შტაბების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სულ 250 მონაწილეა. სწავლებაში მონაწილეობენ თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, აშშ და მათი პარტნიორები – უკრაინა და მაკედონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი