დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს სცემა, სამსახურიდან გაათვისუფლეს

დაცვის კომპანია “ალგანის” თანამშრომელმა, რომელიც ვარკეთილის ერთ–ერთ სუპერმარკეტს იცავდა, ობიექტის კართან მწოლიარე მიუსაფარი ძაღლი ჯოხით სცემა. ამის ამსახველი ვიდეომასალა ერთ–ერთმა თვითმხილველმა “ფეისბუკზე” გუშინ საღამოს გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთი “ალგანის” დაცვისა და ტექნიკური აღჭურვილობის სამსახურის უფროსს როლანდ მინაძეს ესაუბრა, რომელმაც თავდაპირველად განგვიცხადა, რომ ძაღლზე მოძალადე დაცვის მიმართ მხოლოდ ადმინისტრაციული ზომები მიიღეს და არავინ აპირებდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებას. რამდენიმე წუთში მინაძე თავად დაუკავშირდა ნეტგაზეთს და განაცხადა, რომ კომპანიამ მათი თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, თუმცა, როგორც შსს–ში ნეტგაზეთს განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 104–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე, ცხოველებისა და ფრინველების წვალება.

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით 104–ე მუხლით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ცხოველთა დამცველები დიდი ხანია 104–ე მუხლს “მკვდარს” უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.