ახალი ამბებისამართალი

პროკურორის თქმით, ერთ–ერთმა ბრალდებულმა მოკლულის ორგანოები შეჭამა

6 ნოემბერი, 2016 • 2810
პროკურორის თქმით, ერთ–ერთმა ბრალდებულმა მოკლულის ორგანოები შეჭამა

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესის დაწყებამდე პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ბრალდებულთაგან ერთ–ერთმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოების შეჭამა, რაც მან საკუთარ ჩვენებაშიც აღნიშნა.

პროკურორის თქმით, კანონიერი მიყურადების შედეგად, მოხდა ბრალდებულთა “ფეისბუკის” ანგარიშების დათვალიერება, საიდანაც ამოღებულია “რიტუალური მკვლელობების” ამსახველი მასალა. მისი განმარტებით, დაკავებულთა მიერ მიცემული ჩვენებები მიუთითებს, რომ ეს მკვლელობა “გარკვეული რიტუალის” ჩატარების მიზნით ჩაიდინეს.

“ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არის საკმაო ინფორმაცია და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს წარდგენილ ბრალდებებს. ესენია: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ კანონიერად განხორციელდა. გარდა ამისა, საქმეში არის სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ დანაშაულს. დათვალიერებულია მათი “ფეისბუკები”, სადაც ასახულია გარკვეული რიტუალების ამსახველი ფოტომასალა. ასევე, ბრალდებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირებულია, რომ გარდაცვლილი, რომელიც შემდეგ დაანაკუწეს/დაასახიჩრეს, მოჭრეს გარკვეული ორგანოები და კიდურები, მიუთითებს, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინეს გარკვეული რიტუალის ჩატარების მიზნით. ჩვენებებში ასახული ინფორმაციით, ერთ–ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა თავს შევიკავებ [მისი ვინაობა] დავასახელო,” – აცხადებს ზვიად ფხაკაძე.

დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე დაიწყო. სხდომა დახურულია, რადგან ბრალდებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთი პირის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. ერთ–ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალი ამ საქმეში არ ფიგურირებს და მან ამ მკვლელობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ადამიანი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისს ბრალდებით, ხოლო ორი ადამიანი ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 4 ნოემბერს დააკავეს. შსს–ში აცხადებენ, რომ ეს იყო “რიტუალური მკვლელობა.”

შსს–ს განცხადებით, ჯგუფური მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გარდაცვლილის შვილია. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე დედა-შვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულის დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. შსს–ის მტკიცებით, ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

გამოძიების ვერსიით, იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად თხრილში დაწვეს.

შსს–ის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა. უწყების ინფორმაციით, პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

სამინისტროს ცნობით, საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, რომელიც არასრულწლოვანია, დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი