ახალი ამბებისამართალი

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

4 ნოემბერი, 2016 • 1561
ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი ადამიანი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისს ბრალდებით, ხოლო ორი ადამიანი ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო “რიტუალური მკვლელობა.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გარდაცვლილის შვილია. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე დედა-შვილს შორის დაპირისპირება მოხდა. თუმცა, გამოძიების ვერსიით, მკვლელობა რიტუალური იყო. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში განმარტებული არ არის, რატომ არის  “მკვლელობა რიტუალური”:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულის დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ  გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს,” – აღნიშნულია შს სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ვერსიით, იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად თხრილში დაწვეს:

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა.

სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.  გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ამ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, რომელიც არასრულწლოვანია,  დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი