ახალი ამბები

სააკაშვილი ენმ-ს: გთავაზობთ ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევას

4 ნოემბერი, 2016 • 1611
სააკაშვილი ენმ-ს: გთავაზობთ ახალი თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის მომხრეა და კატეგორიულად ეწინააღმდეგება “ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ჯგუფის მიერ პარტიის უზურპაციას. სააკაშვილი ასევე წინააღმდეგია, ვინმემ საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა.

“ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს. მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა”,- ნათქვამია სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააკაშვილი პარტიას სთავაზობს, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით მოიწვიოს. იგი ასევე გამოდის ინიციატივით, პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიონ.

“იმ ხალხისგან, ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად. მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას”,-აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი