ახალი ამბები

კალაძის ანგარიშების დაყადაღება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

27 ივლისი, 2012 • • 991
კალაძის ანგარიშების დაყადაღება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ცნობილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების” წევრ კახი კალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ქართულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში 26 ივლისს დაუყადაღა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყადაღის მოხსნის შესახებ საჩივარი დაუსწრებლად, 48 საათში უნდა განიხილოს.

 

პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ კახი კალაძე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა, რამაც განაპირობა ყადაღის მოთხოვნა. “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნულს პოლიტიკური ზეწოლა უწოდა. მისივე თქმით, კახი კალაძის დონის ფეხბურთელს შემოსავლების დასაბუთება არ გაუჭირდება. ჯერჯერობით, პროკურატურას ამ საკითხზე რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელებია.

 

ადვოკატ შალვა თადუმაძის ვარაუდით, სასამართლომ, შესაძლოა, კახა კალაძეს მომავალში ქონებაც ჩამოართვას, რისი ვარაუდის საფუძველსაც მას განჩინებაში არსებული უზუსტობები იძლევა.

“როგორც განჩინებაში აღნიშნულია, თურმე არსებობს ვარაუდი იმისა, რომ კალაძე შემოსავლის უკანონო ლეგალიზებას ახორციელებს. ამ შემთხვევაში, წესით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, კალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იდგეს, მაგრამ განჩინებაში ამაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სასამართლოს მომავალში კალაძის ქონების ჩამორთმევის საშუალება მიეცეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს უკვე აქვს მომავალში განსახორციელებელი გეგმა, რომ კალაძეს ქონება ჩამოერთვას”, – განაცხადა თადუმაძემ. 

კახი კალაძე
კახი კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი