ახალი ამბები

სტუდია “მონიტორი” გაქურდეს [Video]

22 ივლისი, 2012 • • 1261
სტუდია “მონიტორი” გაქურდეს [Video]

სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტებმა დღეს, 22 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ოფისში მისვლისას აღმოაჩინეს, რომ ოფისი გაქურდული იყო.

“მონიტორის” ერთ–ერთი ჟურნალისტის, სალომე ცეცხლაძის თქმით, წაღებულია 8 კომპიუტერი, მათ შორის სამი სამონტაჟო. მძარცველებმა ასევე წაიღეს ძვირადღირებული ვიდეოსამონტაჟო კომპიუტერების ყუთებიც. სტუდიიდან წაღებულია ორი ძვირადღირებული პროფესიონალური ვიდეოკამერა, მეხსიერების ბარათები.

კომპიუტერებთან ერთად წაღებულია ყველა ის საგამოძიებო მასალა, რაზეც “მონიტორის” ჟურნალისტები ბოლო პერიოდში მუშაობდნენ. საუბარია სამ დაუსრულებულ ფილმზე, რომელთა შორის “მინისტრის მეგობარის” მესამე ნაწილის ფრაგმენტებიც იყო.

ამჟამად თბილისში, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარე “მონიტორის” ოფისში  კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და “მონიტორის” თანამშრომლებს შიგნით არ უშვებენ.

“მონიტორის” ჟურნალისტ მაგდა მემანიშვილის თქმით, დილით, 12:00 საათზე  ოფისში მისულებმა კარი ვეღარ გააღეს.

“მონიტორი” დამოუკიდებელი სტუდიაა და ჟურნალისტურ გამოძიებებს ამზადებს. გამოძიებები ეთერში ორ კვირაში ერთხელ, შაბათს, 21:00 საათზე ტელეკოპანია “მაესტროს” ეთერში გადის .  სტუდია 2005 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა. პირველი ჟურნალისტური გამოძიება “რეიდი მესტიაში” ეთერში 2007 წლის 23 მაისს გავიდა. სტუდია “მონიტორის” დამფუძნებლები არიან: ნანა ბიგანიშვილი, ნინო ზურიაშვილი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, ია ანთაძე და ბესარიონ კურტანიძე.

სტუდია მონიტორი ჟურნალისტურ გამოძიებებს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ევროკავშირის, “დემოკრატიის ნაციონალური ფონდის”, აშშ-ის საელჩოს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, IREX – საქართველოს ფინანსური მხარდამჭერით ამზადებს.

სტუდია “მონიტორმა” არაერთი გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, მათ შორის ერთ–ერთი უკანასკნელი  – “მინისტრის მეგობარი” – ეხება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეგობარ ბიზნესმენთა საქმიანობას საქართველოში. 

გაქურდვამდე  “მონიტორი” რამდენიმე ფილმზე მუშაობდა. ჟურნალისტი სალომე ცეცხლაძე ყვება, რომ მისი ფილმის მონტაჟი თითქმის დასრულებული იყო.  

სტუდია მონიტორის ერთერთი ბოლო ფილმი “მინისტრის მეგობარი”

მასალების გადაბეჭდვის წესი