ახალი ამბები

“მაესტრომ” ივანიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა

20 ივლისი, 2012 • • 1126
“მაესტრომ” ივანიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა

ორგანიზაციამ “საქართველო არ იყიდება”,  რომლის დამფუძნებელია გიგა ნასარიძე,  რამდენიმე  ტელეარხის ეთერში განათავსა კლიპები ბიძინა ივანიშვილზე. აღნიშნული კლიპები წარმოადგენს უკონტექსტო ნაწყვეტებს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებიდან, სადაც “ქართული ოცნების” ლიდერი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზე, საბჭოთა კავშირზე და ა.შ. 

 

გიგა ნასარიძემ კლიპის განთავსების თხოვნით მიმართა როგორც  “მეცხრე არხს”, ისე “მაესტროს”. თავად ნასარიძის ინფორმაციით, “მეცხრე არხმა” მას ტელეარხის დირექტორის სახელზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, “მაესტრომ” კი უარი უთხრა. გიგა ნასარიძემ “მაესტროს” პასუხი ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

უარის წერილში წერია, რომ “მაესტროს” ეთიკის საბჭომ იმსჯელა აღნიშნული კლიპის შესახებ და დაადგინა, რომ ის დამზადებულია კანონდარღვევით, გარდა ამისა, არ შეესაბამება ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს.  

 

“თქვენს კლიპში გამოყენებულია ტელეკომპანია “მაესტროს” საავტორო გადაცემა “პირდაპირი საუბრის” კადრები. აღნიშნული გადაცემა წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონით დაცულ ობიექტს, რომლის გამოყენებაც ფრაგმენტულად თუ სრულად დაუშვებელია საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მქონე პირის წინასწარი ნებართვის აგრეშე”, – ნათქვამია “მაესტროს” განცხადებაში. გარდა ამისა, ტელეკომპანია ორგანიზაციისგან – “საქართველო არ იყიდება” – მოითხოვს, შეწყვიტოს “მაესტროს” კუთვნილი კადრების გამოყენება და მისი საავტორო უფლებების დარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში “მაესტრო” სასამართლოში ჩივილს აპირებს.

 

“მე მინდა მივმართო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობას და მედიაკოალიციას, ჩემმა ორგანიზაციამ დაამზადა რამდენიმე სარეკლამო რგოლი, ისინი გადის “რუსთავი 2–ის”, “იმედის” და “კავკასიის” ეთერით, ჩვენ ასევე მივმართეთ ჩვენი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საკუთარ ეთერში განთავსების თხოვნით ტელეკომპანია მაესტროსა და მეცხრე არხს, მეცხრე არხმა საპასუხო წერილით მოგვმართა და გვითხრა, რომ თუკი მის ეთერში რეკლამის განთავსება გვსურდა, წერილით უნდა მივემართა გენერალური დირექტორისათვის, რამაც ძალიან გაგვაოცა, თუმცა, ასეც მოვიქეცით. რაც შეეხება “მაესტროს”, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიდან თანხმობა განაცხადეს, შემდეგ მედიაგეგმაც მოგვთხოვეს, სად და როდის განვათავსოთო, საბოლოოდ ეს წერილი გამოგვიგზავნეს. მინდა ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობასა და მედიაკოალიციას მივაწვდინო ხმა, რათა მათ ყურადღება მიაქციონ, ჩემი აზრით, ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს. ტელეკომპანია მაესტრო პოლიტიკური რეკლამის გაშვების საკითხში ხელმძღვანელობს არა მედიისათვის დამახასიათებელი ობიექტურობით, არამედ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიებით. შეესაბამება თუ არა ამგვარი ქცევა ჟურნალისტურ ეთიკას? მგონი პასუხი ცალსახაა, რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ძალიან კარგი იქნება თუ თქვენც შეისწავლით ამ ფაქტს და თქვენს აზრს მოახსენებთ საზოგადოებას,” – აღნიშნული განცხადება გიგა ნასარიძემ დღეს, 20 ივლისს, “მაესტროს” მიერ გამოგზავნილ უარის წერილთან ერთად გამოაქვეყნა ფეისბუქში, თავის გვერდზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი