ახალი ამბები

სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

23 ოქტომბერი, 2016 • 2035
სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ოდიშს” განუცხადა.

თუმცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ცესკოში წარდგენილ პროპორციულ სიაში სანდრა რულოვსი მეორე ნომერია.

რულოვსის თქმით, მას გამარჯვება “მოჰპარეს” არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ 22 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებზეც.

“ყველამ იცის, რომ მე გავედი პირველ ტურში და ამიტომ ვთვლი, რომ შეურაცხყოფა არის მეორე ტურში შემოსვლა უსამართლო, ე.წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა შევიდე მეორე ტურში. ჯერ ერთი, ძალიან ცუდი, ქურდული, კრიმინალური წნეხის პირობებია შექმნილი ზუგდიდის რაიონში. არ მინდა, რომ ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, არ მინდა, რომ კიდევ შეურაცხყოფა მიაყენონ, ან დასცინონ, რომ ხომ ვერ გაიმარჯვა და ასე შემდეგ. ეს არ მჭირდება. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და აქედან გამომდინარე, მე ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებლებს პარლამენტიდან ან სხვანაირად დავუდგები გვერდში. ეს არის ჩემი ვალდებულება, მე ასე ვთვლი და, სამწუხაროდ, ეს სრული გაყალბება, არა მარტო ზუგდიდში, მოდით, თვალებში ჩავხედოთ რეალობას, იყო აჭარაში, ქუთაისში, მარნეულში, კახეთში, ყველგან იყო. მე მიკვირს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ასე შეაფასეს და ასე თქვეს, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა,”-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსი ამბობს, რომ თუკი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, ეს ბიძინა ივანიშვილის “პირადი მარცხი” იქნებოდა.

მოგვიანებით, რულოვსმა ფეისბუკის გვერდზეც გააკეთა განცხადება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი გადაწყვტილების შესახებ ენმ-ის წევრებმა იცოდნენ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო:

“ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ღირებულებებთან.”

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 22 ოქტომერს ჩატარებული სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით, საჭიროა მეორე ტურის კენჭისყრის გამართვა, ვინაიდან საუკეთესო შედეგის კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ხმების ნახევარზე მეტი.

კერძოდ, ცესკოს ცნობით, სანდრა რულოვსმა, ჯამში, მიიღო  10 692 ხმა  (44.8%), ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ – 11 607 ხმა  (48.63%).

მასალების გადაბეჭდვის წესი