ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება ენმ-ისა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის ვაზისუბანში

12 ოქტომბერი, 2016 • 2225
ფიზიკური დაპირისპირება ენმ-ისა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის ვაზისუბანში

ვაზისუბანში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” შტაბის წევრებისა და მხარდამჭერების დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის თქმით, გუშინ, 11 ოქტომბერს, საღამოს 11-ის ნახევრისთვის, “ქართული ოცნების” 30-მდე აქტივისტმა მისი შტაბის უფროსი და აქტივისტი სცემა. “ქართული ოცნების” ვერსიით კი, ენმ-ის მხარდამჭერებმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ქვები დაუშინეს. 

ისანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათი ოფისის ახლოს, სუპერმარკეტთან, საღამოს 10:30 საათისთვის რამდენიმე პირი გამოჩნდა, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ, – აბუსერიძის შტაბის ცნობით, ისინი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ქვებს ესროდნენ. “ამას მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები  ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები”, – ნათქვამია ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბის განცხადებაში.

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, გიორგი ონიანი კი ამბობს, რომ ენმ-ის შტაბის უფროსს, თემურ ნემსიწვერიძეს, და აქტივისტს, თენგო პაპუნაშვილს, ქართული ოცნების ვაზისუბნის ოფისთან “ქართული ოცნების” 30-მდე აქტივისტი დაესხა თავს. მისი ცნობით, თავდამსხმელებმა ხელკეტების და სადგისების გამოყენებით დააზიანეს ენმ-ის შტაბის წევრები.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში უთხრეს, დადგენილია ინციდენტის მონაწილე პიროვნებები, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ენმ-ის შტაბის წევრი ინციდენტის შემდეგ. 11.10.2016. გიორგი ონიანის ფოტო

ენმ-ის შტაბის წევრი ინციდენტის შემდეგ. 11.10.2016. გიორგი ონიანის ფოტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი