ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

8 სექტემბერი, 2016 • 5449
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2004 წლის ნოემბერში დაფუძნდა, ორი პარტიის – “ნაციონალური მოძრაობისა” და “გაერთიანებული დემოკრატების” გაერთიანების შედეგად.

“ნაციონალური მოძრაობა” 2001 წლის დეკემბერში დაარსდა, რომელმაც 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, “რესპუბლიკელებთან” და “კონსერვატორებთან” ერთად ბლოკის სახიით მიიღო მონაწილეობა და მიიღეს ხმების 24%, ხოლო პირველ ადგილზე მაშინ, ხმების 26%-ით გავიდა “ლეიბორისტული პარტია”. ამ არჩევნების შედეგად, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. 2003 წელს შექმნა პარტია “გაერთიანებული დემოკრატები” ზურაბ ჟვანიამ.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ მომხდარი “ვარდების რევოლუციის” შედეგად, 2004 წელს გამართულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” და “გაერთიანებული დემოკრატები” ერთიანი სიით წარსდგნენ. ამავე პარტიებთან ერთად სიაში მონაწილეობდნენ რესპუბლიკელები და ეროვნულ ძალთა გაერთიანება და ამ სიამ მოიპოვა ხმების 66.2%. არჩევნებიდან მალევე ეს ორი უკანასკნელი პოლიტიკური გაერთიანება გამოეთიშა ამ ჯგუფს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობამ” და “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” დააფუძნეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2004 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მართავდა ქვეყანას.

პარტიის თავმჯდომარე 2015 წლის 5 დეკემბრამდე იყო საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო, გაუუქმდა საქართველოს მოქალაქეობა და შესაბამისად, აეკრძალა პოლიტიკური პარტიის მართვაში მონაწილეობა. მას შემდეგ პარტიას თავმჯდომარე აღარ ჰყავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანია ივანე მერაბიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი, რომელიც 2013 წლიდან სხვადასხვა დანაშაულისთვისაა ბრალდებული და იმყოფება პატიმრობაში, რის გამოც მის მოვალეობას ასრულებს პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

პარტიის საქმიანობას უძღვება სამდივნო შემდეგი შემადგებლობით: სერგო რატიანი, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ხათუნა გოგორიშვილი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო ხმების 40.34%, რის შედეგადაც ხელისუფლება გადააბარა გამარჯვებულ კოალიცია ქართულ ოცნებას.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენმ-ს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიიღო ხმების 21.73%, ხოლო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ენმ-მ მიიღო ხმების 22.42%.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-სთან ერთად მონაწილეობს პარტია “ევროპული საქართველო” (რომლის ხელმძღვანელის ისნის რაიონის ყოფილი გამგებელი ბესიკ დონაძე).

მასალების გადაბეჭდვის წესი