ახალი ამბები

ბაგრატის რეკონსტრუქცია ცვლილებების გარეშე გაგრძელდება

22 ივნისი, 2012 • • 4924
ბაგრატის რეკონსტრუქცია ცვლილებების გარეშე გაგრძელდება

კულტურის მინისტრის განცხადებით, იგი თავად შეხვდა “იუნესკოს” წარმომადგენლებს და გადასცა ის რეალური, ფაქტობრივი მასალა, რომელიც ბაგრატის ტაძართანაა დაკავშირებული. ნიკოლოზ რურუას განმარტებით, უკვე მიღწეულია შეთანხმება საქართველოს საპატრიარქოსთან და ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება.

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ვიზუალური მასალა და ნახაზები, რომელიც ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო პროცესებს ასახავდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა საზოგადოებას თავად წარუდგინა პროექტი. ვაჩეიშვილის თქმით, პირველი მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე 1950-70 წლებში დაიწყო. 

 

ვაჩეიშვილის თქმით, ჩარევები, რომელიც “კომუნისტების” დროს განხორციელდა ბაგრატზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით და ძველის ახალი ქვების ჩანაცვლებით მოხდა. ამავე პერიოდში არქიტექტორ ვახტანგ ცინცაძის პროექტით აღდგა აღმოსავლეთის კედელი, რომელიც მთლიანად ”გაფლეთილი” იყო.

 

“ვახტანგ ცინცაძემ ამოიყვანა ახალი კედელი, რომელსაც ”ნანგრევსაც უწოდებენ”. სწორედ ამგვარი რეკონსტრუქციით შევიდა ბაგრატის ტაძარი “იუნესკოს” დაცული ძეგლების სიაში”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

 

კულტურის სამინიტროში განმარტეს, რომ ხელახალი სარეკონსტრუქციო სამუაოების საჭიროება ბაგრატის ტაძარზე ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომლის მიხედვთათ ტაძრის სეისმური გამძლეობა ნულს უტოლდებოდა. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ბაგრატის ტაძრის ხელახალი რეკონსტრუქცია დაიწყო.

 

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განმარტა, რომ ყველა სამუშაო, რომელიც ამ ბოლო დრომდე მიმდინარეობდა ბაგრატის ტაძარზე, სწორედ 1950-70 წლებში წარდგენილი გეგმის მიხედვით იყო ჩატარებული, ამიტომ ყველა კითხვა, რომელიც არსებობს ბაგრატის ტაძრის მიმართ, ეკუთვნის 50-70 წლებს და იმ კვლევებს, რომელიც იმ დროისთვის არსებულ შესაძლებლობებს ეყრდნობოდა. მისივე თქმით, ყველა სამუშაო, რომელიც ბაგრატზე ჩატარდა, “იუნესკოსთან” დეტალურად იყო შეთანხმებული.

 

”ბაგრატის პროექტის რეკონსტრუქციის პროექტი მიმდინარეობს სანიმუშოდ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს პროექტი დიდი ხნის წინ დაწყებული და გააზრებულია. ამიტომაც ბაგრატის ტაძარი ისე იქნება “იუნესკოს” სიაში წარმოდგენილი, როგორც მას იმსახურებს, ანუ მთელი თავისი მრავალათასწლიანი რეკონსტრუქციით და პირველსახით,” – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ბაგრატის ტაძრის ბოლო რესტავრაცია, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო, არქიტექტორ ივანე გრემელაშვილისა და იტელიელი პროფესორის ანდრეა ბრუნოს ერთობლივი პროექტით მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ტაძარზე თითქმის დასრულებულია ძირითადი სამუშაოები.

 

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროცესი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც “იუნესკოს” 36-ე სესიის წინასწარი დაკვნის შედეგად ბაგრატის ტაძარს “იუნესკოს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამორიცხვა დაემუქრა იმ მიზეზით, რომ ტაძრის რეკონსტრუქციის დროს გამოყნებული იქნა რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და დაირღვა ტაძრის აუთენტურობა. ამის შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მითითებით, ტაძარზე სამუშაოები შეწყვიტეს. საპატრირქომ ასევე მოითხოვა დასავლეთის კედელზე არსებული ახალი რკინა –ბეტონის კონსტრუქციის მოხსნა.

 

საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოს წევრის, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიშვილის განმარტებით, მაშინ, როცა საპატრიარქოში ბაგრატის აღდგენის პროექტი შევიდა, არსებობდა ყველა მონაცემი იმისათვის, რომ დასავლეთის მკლავი სრულად აღდგენილიყო იმ ორიგინალი მასალით, რომელიც უკვე არსებობდა, რაც გამორიცხავდა დამატებით თანამედროვე მასალის გამოყენებას.

 

საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ეს განცხადება კატეგორიულად უარყო იტალიელმა არქიტექტორმა ანდრეა ბრუნომ. მისი თქმით, ადგილზე არსებული ტაძრის ორიგინალი მასალა დასავლეთის კედლის აღდგენის საშუალებას არ იძლეოდა. მისივე განმარტებით, ოდნავადაც არ არის დარღვეული ტაძრის აუთენტურობა, შესაბამისად, “იუნესკოს” დასკვნა უსაფუძვლოა.

 

”გაოგნებული ვარ “იუნესკოს” დასკვნით, ვინაიდან მჯერა, რომ ტაძრის აუთენტურობა არ დარღვეულა. რკინა-ბეტონის გარეშე კი შეუძლებელი იქნებოდა ტაძრის აღდგენა. რეკონსტრქციისას გამოყენებულია როგორც ძველი, ასევე ახალი მასალაც, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს იმ 6-შრიან მასალას, რომელიც ბაგრატის ტაძარს აქვს,” – განაცხადა ანდრეა ბრუნომ.

 

მისივე თქმით, ტაძრის მშენებლობის პერიოდში გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ აღდგენილ ტაძარს უნდა შეეძინა მთავარი – სულიერი ფუნქცია, რომელიც მას საუკუნეების მანძილზე ჰქონდა საქართველოსთვის.

 

არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი ამბობს, რომ არ არის გასაკვირი, თუკი ბაგრატის ტაძარს იუნესკოს სიიდან ამოიღებენ:

 

”ეს მოულოდნელობა არც კულტურის სამინიტროსთვის უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მეთოდი, რომლითაც ბაგრატი აღადგინეს, მიეკუთვნება ძველ სკოლას და თანამედროვეობისთვის შეუფერებელია”.

 

ნესტან თათარაშვილის თქმით, ბაგრატის ტაძარი ვერასოდეს დაიბრუნებს იმ იერსახეს, რომელიც მას რესტავრაციამდე ჰქონდა.

 

ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების დასრულება პირველადი გეგმით, ტაძრის გახსნა კი შემოდგომისთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი