ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზების უარი ივანიშვილის შეთავაზებაზე

3 ოქტომბერი, 2016 • 2734
აფხაზების უარი ივანიშვილის შეთავაზებაზე

რა პასუხი აქვთ აფხაზებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებაზე საზღვრის ზოლში, აფხაზეთის ტერიტორიაზე მაღალი კლასის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობისა და აფხაზეთისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ამ საკითხზე ნეტგაზეთისთვის კომენტარები აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატმა ალმას ჯოპუამ, გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “თანამედროვე აფხაზეთის” თავმჯდომარემ ირაკლი ტუჟბამ გააკეთეს:

აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატი, ალმას ჯოპუა:

Screen Shot 2016-10-03 at 2.34.49 PM

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული იდეა, ვფიქრობ, უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ჰუმანიტარული. ვინაიდან, თუ ის მხოლოდ ჰუმანიტარული მოსაზრებებით იხელმძღვანელებდა, ამ მილიონობით დოლარს დახარჯავდა იმ საკუთარი მოქალაქეების დასახმარებლად, რომელთაგან ბევრს ამ დრომდე არ გააჩნია საკუთარი სახლი და სიღარიბეში ცხოვრობს.

რაც შეეხება თავად წინადადებას, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე აფხაზი პოლიტიკოსი მსგავს ინიციატივებს სერიოზულად არასოდეს განიხილავს. ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, სწორედ პოლიტიკური შემადგენელი დგას ყველა ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მაღლა. ამიტომ ქართველი პოლიტიკოსების მიერ იმ ფაქტის დაშვება, რომ აფხაზეთში რაიმეს ყიდვა “კანფეტების” სანაცვლოდაა შესაძლებელი, მინიმუმ უცნაურად გამოიყურება. ვფიქრობ, ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებიც საქართველოს შიგნითვე არსებული პრობლემებისკენაა მიმართული, ყოფილ პრემიერს იმაზე მეტ პოლიტიკურ ქულას მოუტანს, ვიდრე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასატუმროებისა და ბაღების მშენებლობა.

ირაკლი ტუჟბა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “თანამედროვე აფხაზეთის” თავმჯდომარე, 2004-2016 წლებში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი:

 ფოტო: ირაკლი ტუჟბას ფეისბუკის გვერდი

ფოტო: ირაკლი ტუჟბას ფეისბუკის გვერდი

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთის გალის რაიონში მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობის შემოთავაზება აქვს. მისი აზრით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ნდობის გამყარებასა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

რა თქმა უნდა, სასაზღვრო ზონაში ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, რომელიც კეთილმეზობლური ურთიერთობების გასამყარებლად და ბიზნესის განსავითარებლადაა მიმართული, მხოლოდ მისასალმებელია, რომ არა ერთი არსებითი გარემოება, რის გამოც მსგავს ინიციატივებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

რა თქმა უნდა, საუბარია  ქართულ-აფხაზური  ურთიერთობების უკიდურესად ნეგატიურ გამოცდილებაზე, რაც მრავალი წელია გრძელდება და რომელიც საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ შეიარაღებული აგრესიით გამოწვეული ანტაგონიზმით ხასიათდება.

სამწუხაროდ, საქართველოში ადგილი აქვს აფხაზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების დამახინჯებულ გაგებას.  2013 წელს საქართველოს ხელისუფლების შეცვლამ და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ ქართულ საზოგადოებაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი მოლოდინი გააჩინა. ეს მოლოდინი, პირველ რიგში, გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და ჩვენი რესპუბლიკის მიმართ ნაკლებად აგრესიული გახდა.

თუმცა პრაქტიკაში ბევრი არაფერი შეცვლილა. საქართველო, ისევე, როგორც უწინ, სხვადასხვა პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს, რომელიც აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების იზოლაციისკენ არის მიმართული.  საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, აფხაზეთის მოქალაქეებს გადადგილების მხრივ- განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში- სერიოზული პრობლემები ექმნებათ. არსებობს რეგულარული პროვოკაცია, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ. გარდა ამისა, საქართველოში კვლავ მუშაობს კანონი ოკუპირებული ტერიტორიეების შესახებ, რომლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკას ეწვევიან, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე დევნის ობიექტები აღმოჩნდნენ. ამასთან, საქართველო უარს ამბობს აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობების დარეგულირების პროცესში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

საქართველოს პოლიტიკის ყველა ამ ნეგატიური გამოვლინების ფონზე აფხაზურ მხარეს სთავაზობენ რაღაც მითიურ პროექტებს, რაც თითქოს შერიგებისა და დარეგულირებისკენ არის მიმართული.

იმ პირობებში, როდესაც ორი რესპუბლიკა ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და არ აქვთ არანაირი ოფიციალური ურთიერთობა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაშვება, რომ ასეთი ამბიციური ერთობლივი პროექტების განხორციელების სერიზოული შესაძლებლობა არსებობს.

თემურ ნადარია, გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი:

თემურ ნადარაია; ფოტო: სპუტნიკ-აფხაზეთი

თემურ ნადარაია; ფოტო: სპუტნიკ-აფხაზეთი

როგორ უნდა გავაკეთო ამაზე კომენტარი? ბატონმა ივანიშვილმა დაივიწყა, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ჯერ კიდევ საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. საქართველოს არ მოუხდია ბოდიში 1992-93 წლების ომის დაწყებისთვის, 2001 წლის ოქტომბრისა და 2008 წლების მოვლენებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ერთადერთი მიმართულება, სადაც სამუშაოების კოორდინირება ხდება და ისიც ძალიან დაბალ დონეზე, ეს ენგურის ჰიდროელექტროსადგურია. ჩვენი ინტერესები იქ იკვეთება და ომის დასრულების პერიოდიდანვე მოლაპარაკებებს ვმართავთ, თუმცა მთელი ამ 23 წლის განმავლობაში ყველაზე უბრალო დოკუმენტიზეც კი ვერ შევძელით ხელმოწერა. მაგრამ აფხაზური მხარე მზადაა, ენგურჰესთან დაკავშირებით ყველა ურთიერთობა წერილობით გააფორმოს.

ასე რომ, ყველა ამ სასტუმრო და სამედიცინო ცენტრების საზღვართან მშენებლობას აქვს კარგი იდეოლოგიური დატვირთვა, რომელიც ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყნის მიერ არის შემოთავაზებული. აი, ნახეთ, როგორი მაგრები ვართ, ვაშენებთ მაღალტექნოლოგიურ ობიექტებს. ეს ყველაფერი გვაგონებს ბრჭყვიალა შეფუთვის კანფეტის საშუალებით ბავშვის მოტაცების მცდელობას. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს თხოვნითა და მოთხოვნით ეკონომიკურ ბლოკადაში ვიმყოფებოდით, რამაც ჩვენს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა. მაგრამ რუსეთის დახმარებით ეკონომიკის აღდგენას ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი უფრო შეძლებულად და უკეთესად ცხოვრობდეს.


 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის 26 სექტემბერს, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, აფხაზურ მხარეს აფხაზეთის ტერიტორიაზე სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა შესთავაზა.

” ჩვენი აფხაზი ძმებისთვის შეთავაზება მინდოდა გამეკეთებინა. გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება. ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს, შესაძლოა, უფრო მასშტაბურს. სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, და ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას. დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა”.

კითხვაზე, იცის თუ არა აღნიშნული შეთავაზების შესახებ აფხაზურმა მხარემ, ივანიშვილი პასუხობს:

“იყო მცდელობა, რომ ამბავი მიგვეწვდინა. საქმის კურსში არ ვარ, როგორი იყო რეაქცია. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის შეჯერება ვერ მოხდა. როგორც მე ვიცი. წინადადება იმდენად მეგობრული და ჰუმანურია, არ ვფიქრობ, რომ პოზიტიურის გარდა, სხვა რაიმე შეფასებები მოჰყვეს”.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი