ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ივანიშვილის შეთავაზება აფხაზურ მხარეს

26 სექტემბერი, 2016 • 1436
ივანიშვილის შეთავაზება აფხაზურ მხარეს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, 2016 წლის 26 სექტემბერს, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აფხაზურ მხარეს დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა შესთავაზა:

“ვფიქრობ, საკმაოდ სასიამოვნო ამბავი მინდა ვაცნობო ჩვენს ტელემაყურებელს, საზოგადოებას. დღეს ანაკლიაში, უფრო კონკრეტულად განმუხურში, გაიხსნება მშენებლობა, საკმაოდ უნიკალური თავისი ხასიათით. იქ აშენდება თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი კლასის, გამყოფ ზოლთან ყველაზე ახლოს”.

მისივე განცხადებით, სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი “ქართუ” დააფინანსებს.

“ბოტანიკური ბაღის იდეა იყო ჩემი. ალბათ, ხართ ნამყოფი და კარგად იცით ანაკლია და განმუხურის მიჯრილი ადგილი. ის არის უკნიკალური თავისი კლიმატით გამორჩეული და უკანა ზოლი არ არის საკმაოდ გამწვანებული. ძირითადად ბუჩქოვანი მცენარეებით არის დაფარული. გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ზონა იქნება, იქ კოლხური ჯიშის ძალიან ბევრ მცენარეს გადავარჩენთ, რაც გადაშენების პირასაა და, ამავდროულად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიტანთ კლიმატის შესაბამის უნიკალურ მცენარეებს”.

ამასთან, როგორც ივანიშვილი ამბობს, აფხაზურ მხარესთან შეთავაზება აქვს:

“დამატებით, ჩვენი აფხაზი ძმებისთვის შეთავაზება მინდოდა გამეკეთებინა. გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება. ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს, შესაძლოა, უფრო მასშტაბურს. სასტუროდან მიღებული ყველა მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, და ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას. დავიბრუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა”.

კითხვაზე, იცის თუ არა აღნიშნული შეთავაზების შესახებ აფხაზურმა მხარემ, ივანიშვილი პასუხობს:

“იყო მცდელობა, რომ ამბავი მიგვეწვდინა. საქმის კურსში არ ვარ, როგორი იყო რეაქცია. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის შეჯერება ვერ მოხდა, როგორც მე ვიცი. წინადადება იმდენად მეგობრული და ჰუმანურია, არ ვფიქრობ, რომ პოზიტიურის გარდა, სხვა რაიმე შეფასებები მოჰყვეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი