ახალი ამბები

ევროპელებს კრიზისის ფონზე ქველმოქმედების სურვილი გაეზარდათ

13 ივნისი, 2012 • • 1029
ევროპელებს კრიზისის ფონზე ქველმოქმედების სურვილი გაეზარდათ

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან ცხრა ევროპელი მოქალაქის (88%) აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსება; 2010 წელს ჩატარებული ბოლო კვლევის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ცხრა პროცენტით გაიზარდა. თითქმის ამდენივე, 84%, მხარს უჭერს ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების შენარჩუნებას არსებული ეკონომიკური კრიზისისა და სახელმწიფო ფინანსებზე არსებული წნეხის მიუხედავად.

 

“გაჭირვების დროსაც კი ევროკავშირის მოსახლეობა კვლავ მხარს უჭერს მთელს მსოფლიოში იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გასაჭირში არიან, და ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა,” – განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ, ევროკომისარმა საერთაშორისო თანამშრომლობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისის დაძლევის საკითხებში.

 

“მე ვამაყობ, რომ მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, ევროპაში არსებობს ასეთი ძლიერი ვალდებულებისა და მხარდაჭერის გრძნობა ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის მიმართ. ჩვენ არ მივიჩნევთ ასეთ გულუხვობას თავის თავად გარანტირებულად. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ თანაგრძნობით, პროფესიულად და ეფექტურად უზრუნველვყოთ დახმარება და დაცვა,” – აცხადებს კრისტალინა გეორგიევა, რომლის კომენტარსაც ევროკავშირის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს ევროკომისიის, როგორც ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების მაკოორდინირებელი ორგანოს მტკიცე მხარდაჭერა – 71%, 13%-ით მეტია 2010 წელთან შედარებით. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (88%) მხარს უჭერს ევროკავშირის ჰუმანიტარულ ოპერაციებში ახალგაზრდობის ჩართვის ინიციატივას ევროკავშირის ნებაყოფლობითი დახმარების კორპუსის ფარგლებში. რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვას, 82% თანხმდება იმაზე, რომ ევროკავშირის კოორდინირებული ქმედება კატასტროფების მიმართ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქმედებები ცალკეული ქვეყნების მხრიდან.

 

”მიმდინარე ევროკომისია აღნიშნავს EHO-ს გზით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მე-20 წლისთავს, მისი ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის მეშვეობით. მთლიანობაში ევროკავშირი – ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად – არის ჰუმანიტარული დახმარების წამყვანი დონორი მსოფლიოში.

 

ევროკომისია ეხმარება ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების დაფინანსებას მთელს მსოფლიოში. მისი მთავარი როლია სამოქალაქო დაცვის კოორდინაცია კატასტროფის შედეგად დაზარალებულთათვის როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ,” – ნათქვამია ევროკავშირის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კვლევამ აჩვენა საზოგადოების შეშფოთება ევროკავშირში კატასტროფების საშიშროებასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ შეშფოთებულია ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებული კატასტროფების რისკით, როგორიცაა ნავთობის დაღვრა და ბირთვული ავარიები. მეორე ადგილზეა გამოკითხულთა 67%, რომელსაც აწუხებს წყალდიდობისა და მიწისძვრის საფრთხე, 64 %-ს  ყველაზე მეტად აწუხებს ტერორისტული აქტების საფრთხე, ხოლო 59 %-ს – შეიარაღებული კონფლიქტები.

 

ევროპელთა 68%-სათვის ცნობილია, რომ ევროკავშირი აფინანსებს ჰუმანიტარული დახმარებას. ათიდან ოთხისათვის (38%) ცნობილია ევროკავშირის მიერ სამოქალაქო უფლებათა დაცვის კოორდინაციის შესახებ. დაახლოებით მესამედი მიიჩნევს, რომ კარგად არიან ინფორმირებულნი ევროკავშირის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, რაც 12%-ით მეტია წინა კვლევასთან შედარებით. სამოქალაქო უფლებათა დაცვის კვლევაში 19% თავს კარგად ინფორმირებულად თვლის ევროკავშირის საქმიანობის თაობაზე. ორივე კვლევის მიხედვით, გამოკითხულები ინფორმაციის ყველაზე სასურველ წყაროებად ტელევიზიასა და ინტერნეტს ასახელებან, შემდეგ– პრესასა და რადიოს.
საკითხის წინაისტორია:

 

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში 2012 წლის 25 თებერვალს და 11 მარტს ჩატარდა ორი სპეციალური “ევრობარომეტერის” კვლევა, ჰუმანიტარული დახმარების (384) და სამოქალაქო უფლებათა დაცვის (383) საკითხებზე. ყოველი კვლევისათვის პირდაპირი გასაუბრების გზით გამოიკითხა 26 751 რესპონდენტი ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო უფლებათა დაცვის მიმართულებით ევროკომისიის საქმიანობის შესახებ მათი შეხედულებების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი