ახალი ამბები

“ქომაგთან” დაკავშირებულ პირებს დაკითხვაზე იბარებენ

12 ივნისი, 2012 • • 1051
“ქომაგთან” დაკავშირებულ პირებს დაკითხვაზე იბარებენ

ია მეტრეველი ”ქომაგის” პრეზენტაციაზე
ია მეტრეველი ”ქომაგის” პრეზენტაციაზე

კონტროლის პალატის მიერ რამდენიმე დღის წინ დაყადაღებული საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” თავმჯდომარე ია მეტრეველი დღეს, 12 ივნისს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ”ქომაგთან” დაკავშირებულ პირებს მასობრივად იბარებენ მოდულის შენობაში დასაკითხად.

 

”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 9 ივნისს,  შაბათს დაიწყო ამ მოქალაქეთა მასორივი დაბარება. მათი გადაყვანა მოდულის შენობაში მოხდა უყწყების ჩაბარებისთანავე მუქარით და იძულებით. ამასთანავე, უწყებაში არ ყოფილა მითითებული მოტივი, თუ რასთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო მათი დაკითხვა. მოქალაქეებს არ მიეცათ ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, დაკითხვა მიმდინარეობდა  ხანგრძლივი დროის მანძილზე, უწყვეტად,  ზოგ შემთხვევაში  10 საათის განმავლობაში. ეს ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ გაურკვეველ და სტრესულ  სიტუაციაში. დაკითხვის დროს ხდებოდა პროვოკაციული კითხვების დასმა,   რაც მიმართული იყო „ფონდი „ქომაგი“-ს  დისკრედიტაციისკენ. შემაშფოთებელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ამ ადამიანების არც ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლოობა, ერთ-ერთი მოქალაქე დასაკითხად მოდულის შენობაში გადაყვანილი იქნა საავადმყოფოდან.

 

მივმართავთ  სახალხო დამცველს, არასამთავრობო, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და მედიასაშუალებებს.

 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ეს ქმედებები ემსახურება  ხალხის დაშინებას.

 

 „ფონდი ქომაგი“ კიდევ ერთხელ  ხაზგასმით  აღნიშნავს, რომ  ფონდის მიზნები არის ღია და საჯარო, არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და  მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ  ყველა ბრალდება, რომელიც  გამოთქმული  იქნება ხელისუფლების მიერ „ფონდი ქომაგი“-ს საქმიანობასთან დაკავშირებით,  იქნება ხელისუფლების  მორიგი  პროვოკაცია  ფონდის კეთილშობილური მიზნების წინააღმდეგ.

 

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით,  დროულად მიიღოთ ზომები,  რათა შეაჩეროთ ჩვენი მოქალაქეებისუფლებების უხეშად დარღვევის პროცესი,” – ნათქვამია ”ქომაგის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქველმოქმედო ფონდი ”ქომაგი” მიმდინარე წლის 30 აპრილს დაფუძნდა. ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებით ”ქართული ოცნების” ლიდერებმა პრესაში საჯარო განცხადებები გააკეთეს. კონტროლის პალატამ ამის გამო ”ქომაგი” პოლიტიკური მიზნების მქონედ მიიჩნია და მისი ანგარიშები მას შემდეგ დააყადაღა, რაც გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანმა ფონდის ანგარიშზე 80 ათასი ევრო გადარიცხა. 

 

”ქომაგი” კატეგორიულად უარყოფს ”ქართულ ოცნებასთან” და ბიძინა ივანიშვილთან კავშირს და აცხადებს, რომ ეს არის დამოუკიდებელი საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანი პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დამხარებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი