ახალი ამბები

ომბუდსმენი პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის გამოძიებას ითხოვს

12 ივნისი, 2012 • • 1131
ომბუდსმენი პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდეს 2012 წლის მაისში ადმინისტრაციული წესით იმერეთის იზოლატორში დაპატიმრებული სამი ოპოზიციონერი აქტივისტებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტით.

 

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, 2012 წლის მაისში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს მანუჩარ ახვლედიანი, ირაკლი ჩანტლაძე და ირაკლი დუნდუა, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

 

პატიმართა განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.

 

”სამივე პირი აღნიშნავდა, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული საკვები და არ მიეწოდათ თეთრეული. მათი გადმოცემით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას იზოლატორის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. ახსნა-განმარტებებში ახვლედიანი, ჩანტლაძე და დუნდუა მიუთითებენ, რომ მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი მათგანის განმარტებით, თანამშრომლები ხშირად აბრახუნებდნენ საკნის კარზე, რომ პატიმარს არ მისცემოდა ძილის საშუალება და იგრძნობოდა ირონიული დამოკიდებულება. კანონით გათვალისწინებული ნივთების მოთხოვნისას შესაბამისი მოხელეები დამცინავად პასუხობდნენ პატიმრებს და მიუთითებდნენ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე,” – წერია ომბუდსმენის მიერ დღეს, 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ხსენებული დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომელთა ქმედებები შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

 

აღნიშნული წინადადების ასლი ინფორმაციისათვის გადაეგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

ომბუდსმენის მიერ ნახსენები პირები მიმდინარე წლის 26 მაისს ქუთაისში დააკავეს. პოლიციის ცნობით, 26 მაისს ქუთაისში საპატრულო პოლიციამ გელათის ქუჩაზე  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი ორი ავტომანქანა გააჩერა. პატრულ –ინსპექტორის მიერ საჯარიმო ქვითრის გამოწერის დროს ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომელს, არ დაემორჩილნენ მის კანონიერ მოთხოვნას და გაუწიეს წინააღმდეგობა, რის საფუძველზეც დააკავეს ავტომანქანაში მსხდომი პირები.

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, დავით ახრახაძე, რევაზ კაკაბაძე, გოჩა ბაძგარაძე, ირაკლი ბერაია, ნუგზარ მოდებაძე, ლია გამრეკელი და მაია მახაშვილი  დააჯარიმა ოთხას-ოთხასი ლარით, ხოლო ირაკლი დუნდუას მიუსაჯა ოთხი დღით პატიმრობა, ირაკლი ჩანტლაძეს და მანუჩარ ახვლედიანს კი– ხუთი დღის ვადით პატიმრობა.

 

 

“7 ნოემბრის” აქტივისტები თანაგუნდელების დაკავებას ხელსიუფლების მხრიდან ზეწოლად აფასებენ. აღნიშნული განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენელმა პალიტრა ტვ-ს განუცხადა. მისი მტკიცებით, ორგანიზაციის აქტივისტები 26 მაისს გელათის მოსალოცად იყვნენ ასულები, თუმცა პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი