ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტროსთან ხარაგაულში გაფიცული მუშების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

23 სექტემბერი, 2016 • 2109
ჯანდაცვის სამინისტროსთან ხარაგაულში გაფიცული მუშების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან  “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუშებისა და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ხარაგაულში “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მუშები 19 სექტემბერს გაიფიცნენ. ამჟამად ასამდე მუშა არის გაფიცული. მათი ნაწილი, პროფკავშირის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად, 23 სექტემბერს თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბა და მედიაციის ეფექტურად წარმართვა მოითხოვა.

გაფიცული მუშების ძირითადი მოთხოვნებია:

[checklist]

  • უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, სპეცტანსაცმლითა და სხვა დამცავი  საშუალებებით აღჭურვა;
  • წერილობითი ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება გაზრდილი  ტარიფით;
  • შვებულების გამოყენების უფლება, მძიმე და მავნე სამუშაოს შესრულებისათვის კანონმდებლობით  გათვალისწინებული დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • სადღესასწაულო  დღეებში გაწეული შრომის სათანადო ანაზღაურება და კოლექტიური ხელშეკრულების  გაფორმება.

[/checklist]

სამინისტროს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ გამოვიდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია და მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი.

როგორც გაფიცული მუშები, ასევე, პროფკავშირის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ვიდრე გაფიცვა დაიწყებოდა, 19 სექტემბრამდე, კომპანია აპირებდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, თუმცა მოულოდნელად უარი განაცხადა მოლაპარაკებასა და კონკრეტული პუნქტების შესრულებაზე.

“მიმდინარეობდა მედიაცია, მივაღწიეთ რაღაც შედეგებს, ორ დღეში საბუთებზე უკვე ხელი უნდა მოგვეწერა, მაგრამ დამსაქმებელმა კომპანიამ, რა მოხდა არ ვიცი, განაცხადა, რომ არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა. მას შემდეგ, რაც უარი მივუღეთ, სამი დღე გამაფრთხილებელი აქცია გვქონდა, მაგრამ არაფერი მოგვარდა. ამიტომ მეხუთე დღეა, რაც კანონიერად ვართ გაფიცული,” – განაცხადა ნეტგაზეთთან გაფიცულმა მუშამ, გიორგი თაბუკაშვილმა.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში:

“ეს სრული სიცრუეა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კომპანია რომ ჩართულია და, უფრო მეტად,  არა მარტო კომპანიაა ჩართული, ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოს მაღალჩინოსნები, კონსული და ატაშე ესწრებოდა ამ შეხვედრას, მედიატორი მართავდა და თავდ გახლდით ამ შეხვედრაზე,”- განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

როგორც ჟორჟოლიანმა განაცხადა, 24 სექტემბერს სამინისტროში შეხვდება როგორც კომპანიის, ასევე პროფკავშირის წარმომადგენლებს და განიხილავენ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც ჩინურმა მხარემ გადმოაგზავნა.

“მათ [კომპანიის წარმომადგენლებმა] დღეს დამიდასტურეს, რომ სულ მალე ყველა იმ რეკომანდაციას, რაც ჩვენგან მათ გადაეცათ, შეასრულებენ ამ ყველაფერს,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პროფკავშირის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ გაფიცვა მხოლოდ სამმხრივი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეწყდება:

“გაფივა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შედგება სამმხრივ ფორმატში, მედიატორის ანუ სახელმწიფოს წარმომადგენლის, კომპანიის წარმომადენლობითა და ჩვენი – პროფკავშირისა და დასაქმებულების წარმომადგენლობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაფორმებული ხელშეკრულება გახდება საფუძველი, შეწყდეს საგაფიცვო პროცედურები და დაუბრუნდეს ყველაფერი ნორმალურ სიტუაციას. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება კანონის მინიმალური მოთხოვნები შესრულებული,” – განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ.

გაფიცული მუშების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ლინა ღვინიანიძემ განაცხადა, რომ მედიატორმა უნდა მოახერხოს, პირველ ჯერზე ფაქტობრივად ჩაშლილი მოლაპარაკებები გაგრძელდეს და შეთანხმებას მიაღწიონ:

“მედიატორმა უნდა მოახერხოს ის, რომ მეორე მხარე, რომელიც, როგორც ჩანს, აჭიანურებს პროცესს, მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი შეხვედრებზე მონაწილეობა და უკვე არის ეტაპი, რომ ორმხრივი შეხვედრები უნდა გაიმართოს მხარეებს შორის. ფაქტია, რომ მუშებისთვის ყოველი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გაფიცვის დროს არანაირ ხელფასს არ იღებენ და არიან ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, მედიაცია არ არის ძალიან მყარი და ეფექტური ბერკეტი – თუნდაც, მედიატორს არ აქვს ეფექტური მექანიზმები, რომ დააჩქაროს მოლაპარაკება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ტიპის სამოქალაქო პროტესტი მნიშვნელოვანი, რომ დაინახოს კომპანიამაც და სახელმწიფომ, რომ არიან ადამიანები, არა მარტო მუშები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროცესს და რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად დამთავრდეს ეს პროცესი,”- განაცხადა აქციის დასრულების შემდეგ ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

EMC-ის გარდა, გაფიცულ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს ორგანიზაციებმა:
პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი
თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network
ქალთა მზერა / Women’s Gaze
თბილისის სოლიდარობის ქსელი / Tbilisi Solidarity Network
ჰორიზონტი
აუდიტორია #115
მწვანე მუშტი • Green Fist
Georgian Young Greens
ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი
Praxis / პრაქსისი
ურბან რეაქტორი / Urban Reactor
European.ge
თეთრი ხმაურის მოძრაობა

მასალების გადაბეჭდვის წესი