ახალი ამბები

“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება

19 მაისი, 2012 • • 1047
“იდენტობა”: პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება


ორგანიზაცია “იდენტობამ” საჩივრით მიმართა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსს და მოითხოვა გამოძიებულ იქნას პატრულის  თანამშრომლების ქმედებებისა თუ უმოქმედობების შესაბამისობა, ასევე, პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა ორგანიზაციის წევრებს.

განაცხადა დღეს გამართულ ბრიფიგზე ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტმა ნინო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

დღეს, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობა გაიმართა, რომელიც დაშალეს და ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.

“დღეს საჩივრით მივმართეთ თბილისის საპატრულოს უფროსს და მოვითხოვეთ, რომ გამოიძიონ პატრულის იმ თანამშრომელების მოქმედებების თუ უმოქმედობების შესაბამისობა, ვინც არ უზრუნველყო, პირველ რიგში, ჩვენი უსაფრთხოება და მეორე  რიგში, არ მოახდინა რეაგირება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც კადრებში ჩანან. ჩვენ ასევე ვითხოვთ ამ ფაქტების გამოძიებას და პასუხისგებაში იმ პირების მიცემას, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს თანამშრომლებს. პატრულმა არ შეასრულა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რეაგირება არ მოახდინა მსვლელობის მონაწილეთა მისამართით განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე”, – აღნიშნა იურისტმა ნინო ბოლქვაძემ.

ნინო ბოლქვაძემ დეტალურად გაიხსენა წინა პერიოდი, სანამ მსვლელობა დაიწყებოდა:

“მშვიდობიანი მსვლელეობა ეძღვნებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. აქციის დასაწყისში პატრული იყო მობილიზებული რუსთაველის მთელ პერიმეტრზე, ამის კადრებიც არსებობს. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მშვიდობიანი მსვლელეობა, გადაგვეღობნენ მოქალაქეები, მამაოები, მათი მრევლით, ამ დროს პატრულის თანამშრომლები სადღაც გაქრნენ. მე დავუკავშირდი პოლიციის თანამშორომელს, რომლისგანაც მსვლელობის დასაწყისში დასტური მივიღეთ უსაფრთხოებაზე, მან მითხრა, რომ, სანამ არ მოხდებოდა რაიმე ინციდენტი, ვერ მოხდებოდა მათი მხრიდან რეაგირება. ხოლო როდესაც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, პატრული გამოჩნდა, მაგრამ როდის? ნახევარი საათის მანძილზე ვრეკავდი და ის პატრულის მანქანები, რომლებიც იქ იდგნენ, არ მოგვეკარა არავინ და მოქალაქეებს მისცეს საშუალება, რომ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ ჩვენ”, – ამბობს ბოლქვაძე.

დღევანდელ ინციდენტს ასევე გამოეხმაურა აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და აღნიშნა:
“ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი აზრი თუ შეხედულება მასზე ზეწოლისა თუ ძალის გამოყენების გარეშე”.

დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “იდენტობის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა, იმის გამო, რომ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი