ახალი ამბები

ცხინვალის პოლიციამ ახალგორში მამაკაცი დააკავა

9 მაისი, 2012 • • 1142
ცხინვალის პოლიციამ ახალგორში მამაკაცი დააკავა

ახალგორში მცხოვრები 47 წლის ჯაბა ბერიძე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურორმა მერაბ ჩიგოევმა პირადი ანგარიშწორების მიზნით დააპატიმრა, განუცხადა ”ნეტგაზეთს” დაკავებულის შვილმა, თამთა ბერიძემ..

თამთა ბერიძის თქმით, უცნობმა პირებმა ჯაბა ბერიძე 5 მაისს ახალგორში, საკუთარ სახლთან ისე დააპატიმრეს, რომ დაპატიმრების მიზეზები თავიდანვე არ განუმარტავთ.

”5 მაისს ვიღაც მოვიდა სახლში და მამაჩემი გარეთ გაიყვანა, სალაპარაკო მაქვსო. არც უთქვამთ, რისთვის მიყავდათ, სახლში ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, ოქმიც არ შეუდგენიათ,”  – მომხდარს ასე იხსენებს თამთა ბერიძე. ის მამამისის დაკავებას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურორის, მერაბ ჩიგოევის მხრიდან პირად ანგარიშსწორებად მიიჩნევს.

თამთა ბერიძის თქმით, მისმა ოჯახმა 1992 წელს ახალგორში ილო ჩიგოევისგან შეიძინა საცხოვრებელი სახლი. 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ ბერიძეების ოჯახს ახალგორი არ დაუტოვებია, თუმცა მათთან გამოცხადნნენ სახლის პირვანდელი მეპატრონის შვილები და ბერიძეებისგან მამის სახლის დაბრუნება მოითხოვეს. მათ სარჩელი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში შეიტანეს. საბოლოოდ ცხინვალის უზენაესმა სასამართლომ ჩიგოევების სარჩელი არ დააკამყოფილა და დაადასტურა, რომ ბერიძეებმა ილო ჩიგოევისგან სახლი 1992 წელს  კანონის სრული დაცვით შეიძინეს.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა, შეიცვალა გენერალური პროკურორიც. ეს პოსტი დაახლოებით ერთი კვირის წინ შალვა ბერიძის სახლის ყოფილი მფლობელის, ილო ჩიგოევის შვილმა, მერაბ ჩიგოევმა დაიკავა.

”პირველი, რაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გააკეთა, ჯაბა ბერიძის დაპატიმრების ბრძანების გაცემა იყო,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” თამთა ბერიძემ. როგორც ის ამბობს, დაკავების ოფიციალურ მიზეზად ცხინვალის პროკურატურაში შესულ საჩივარს ასახელებენ.

”თითქოს მამაჩემი 1990-იანი წლების დასაწყისში ვიღაცას შეუვარდა სახლში, რაც აბსურდია. რადგან მამამისის სახლს ვერ მოგვედავებოდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რაღაც მიზეზი ხომ უნდა მოეძებნა? ” – ამბობს თამთა ბერიძე.

 ოჯახმა ახალგორში უკვე აიყვანა ადვოკატი. იმის გამო, რომ ცხინვალში დასვენების დღეებია, ადვოკატმა შალვა ბერიძის მონახულება ჯერ ვერ შეძლო. შესაბამისად, ოჯახისთვის უცნობია დაკავებულის ამჟამინდელი მდგომარეობა. თამთა ბერიძის თქმით, ოჯახი შეეცდება, საქმის კურსში არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩააყენოს.

”სხვა რა უნდა გავაკეთოთ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი,” – ამბობს ცხინვალში დაკავებული ჯაბა ბერიძის შვილი. 


View Larger Map

მასალების გადაბეჭდვის წესი