ახალი ამბები

იარაღის შენახვისთვის ბრალდებულის ცოლი კახა კალაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

6 სექტემბერი, 2016 • 2171
იარაღის შენახვისთვის ბრალდებულის ცოლი კახა კალაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

იარაღს შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის ცოლი, თათა ჩინჩალაძე ამბობს, რომ კახა კალაძის დავალებით ფეიქრიშვილისგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.

გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება. იგი 4 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. გარდა ამისა, იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ფეიქრიშვილის მეგობარი, ნოდარ ჩინჩალაძე. ორივე მათგანი აცხადებს, რომ იარაღი და ნარკოტიკი პოლიციის წარმომადენლებმა ჩაუდეს.

ფეიქრიშვილს 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ მისმა ცოლმა, თათა ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ კალაძე  ფეიქრიშვილს ქვეყნის დატოვებას სთხოვდა:

“კახა კალაძე სთხოვდა [ქვეყნის დატოვებას] იმიტომ, რომ გოგას აქვს ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან, კერძოდ, გიორგი ავალიანთან,”- განაცხადა თათა ჩინჩალაძემ.

გარდა ამისა, თათა ჩინჩალაძემ 5 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კახა კალაძის დავალებით ფეიქრიშვილს ურეკავდნენ, ქვეყანა დაეტოვებინა, რათა საარჩევნო პროცესში არ ჩარეულიყო. ჩინჩალაძის თქმითვე, ფეიქრიშვილმა ტელეფონზე საუბრისას კალაძის წარმომადგენელს უთხრა, რომ “არჩევნები ისე ჩატარდებოდა, რომ გარეთ ცხვირს არ გაყოფდა”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ქართული ოცნების” პრესსამსახურს კითხვით, გააკეთებდა თუ არა ამ ბრალდებებთან დაკავშირებთ კახა კალაძე ან პარტია “ქართული ოცნება” კომენტარს. პრესსამსახურში განვგვიცხადეს, რომ “ჯერჯერობით” განცხადების გაკეთება არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი