ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ

6 სექტემბერი, 2016 • 1352
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ

აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ევროპის საბჭოს მოუწოდეს, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს სამართლებრივი შეფასება მისცეს.

“აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის ვენეციის კომისიამ უნდა გააანალიზოს”, – აცხადებენ უფლებადამცველები, რომლებმაც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტურბიერნ იაგლანდს წერილით მიმართეს.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინსტიტუტის დომინირებასა და ადამიანის უფლებების დარღვევას გამოიწვევს.

“ჩვენ მოვუწოდებთ თქვენს ოფისს, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებების ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის ინიცირება მოახდინოს [ვენეციის კომისია 1990 წლიდან არის ევროპის საბჭოთან არსებული საკონსტულტაციო ორგანო საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე]”

მიმართვას ხელს აწერენ ალიევის მიერ შეწყალებული უფლებადამცველები: ინტიგამ ალიევი, სამართლებრივი განათლების საზოგადოების თავმჯდომარე, რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ემინ გუსეინოვი, ადამიანის უფლებების კლუბის ხელმძღვანელი რასულ ჯაფაროვი, არჩევნების მონიტორინგისა და შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ანარ მამედლი და მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლეილა იუნუსი:

“ამ ცვლილებების მიღება კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობას, დაარღვევს ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დომონირებას გამოიწვევს. ვენეციის კომისის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება”.

2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ერთ-ერთი ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის 5-დან 7 წლამდე ვადით არჩევას ითვალისწინებს. ცვლილებების შეტანის ინიციატორი თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას აქ იხილავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი