ახალი ამბები

“ნინოშვილის ბაზრობაზე” კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან [VIDEO]

12 აპრილი, 2012 • 1275
“ნინოშვილის ბაზრობაზე” კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან [VIDEO]

ნინოშვილის ბაზრობა ოფიციალურად დღეს გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეები უკვე რამდენიმე დღეა პროდუქტს ახალ ტერიტორიაზე ყიდიან.

გამყიდველთა ნაწილი “ნინოშვილის ბაზრობაზე” ე.წ.დეზერტირების ბაზრის ტერიტორიიდან გადმოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დღესასწაული ახლოვდება, მათი განცხადებით, ბაზარს ძალიან ცოტა კლიენტი სტუმრობს:

“ბაზარი დაგვიკეტეს, გზა–კვალი აგვიბნიეს და რა უნდა იყიდებოდეს? არაფერი არ იყიდება, 4 დღეა, რაც აქეთ გადმოგვყარეს და ვზივართ ასე, ხალხი არ არის”, – აცხადებს ერთ–ერთი ქალბატონი, რომელიც სააღდგომოდ კვერცხს და საღებავს ყიდის. მისი თქმით, გასულ აღდგომას გაცილებით უკეთესი ვაჭრობა ჰქონდათ და თუ აუცილებელი იყო მათი ახალ ბაზარში გადაყვანა, კარგი იქნებოდა, თუკი ამას აღდგომის შემდეგ გააკეთებდნენ.

იგივეს იმეორებენ ხილით და ბოსტნეულით მოვაჭრეებიც, მათი თქმით, ახალ ბაზრობაზე გაცილებით ნაკლები ვაჭრობაა, ვიდრე  თბილისში არსებულ რომელიმე სხვა ბაზარში.

გამყიდველებისგან განსხვავებით, კმაყოფილებას გამოთქვამენ ბაზრის მცირერიცხვოვანი მყიდველები:

“მომწონს, რადგან ახლოს ვცხოვრობ და ჩემთვის აქ ჩამოსვლა უფრო ადვილია”, – აცხადებს ერთ–ერთი მათგანი.

ბაზარში გამოკითხული მყიდველების უმეტესობა სწორედ ახლო ტერიტორიაზე მცხოვრები აღმოჩნდა. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ახლოსაა, “ნინოშვილის ბაზრობაზე” ფასებიც შედარებით დაბალია.

გამყიდველთა ნაწილი პროდუქტს შედარებით იაფად სწორედ კლიენტთა მოსაზიდად ყიდის. ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ ახალ ბაზრობას არასოდეს ეყოლება იმდენი კლიენტი, რამდენიც ძველს ჰყავდა, იმის გამო, რომ ეს ტერიტორია გაცილებით არამომგებიან ადგილზეა განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი