ახალი ამბები

ჩუგოშვილი: უსუფაშვილის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ საარჩევნო კამპანიის ნაწილია

15 აგვისტო, 2016 • 1517
ჩუგოშვილი: უსუფაშვილის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ საარჩევნო კამპანიის ნაწილია

პარტია “ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი რესპუბლიკელ დავთ უსუფაშვილის ინიციატივას, საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებს.

დავით უსუფაშვილმა 12 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე პარლამენტში შეიტანილი განაცხადით ითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი აქვს. ბურჯანაძის ინიციატივის პასუხად, დავით უსუფაშვილი ითხოვს, რომ კონსტიტუციის პრეამბულას დაემატოს შემდეგი ფრაზა: “[საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა] დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

“არანაირი საფუძველი არ არსებობს ქვეყანაში იმისთვის, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს ქვეყნის განვითარების კურსში, ან საგარეო პოლიტიკაში. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არის ქვეყნის ევროინტეგრაციის ფლაგმანი. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული თანმიმდვრული ნაბიჯები გადადგმული იმისთის, რომ საქართველო დაახლოვებოდა ნატოსაც და ევროკავშირსაც. შესაბამისად, ამ მიმართულებით რაღაც ეჭვების გაჩენისა და კითხვების დასმის საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, მგონია, რომ მთლიანად ეს ინიციატივა არის უფრო საარჩევნო კამპანიის ნაწილი,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია “იმედთან”.

როგორც უმრავლესობის წევრების განცხადებებიდან ირკვევა, “ქართული ოცნება” ასევე არ დაუჭერს მხარს არც ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსის შესახებ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს ინიციატივა ოკუპაციის პირდაპირი აღიარებაა, რაც მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი